საზოგადოება
„უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ - ფესტივალმა თბილისში სრული ანშლაგით ჩაიარა

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. „უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ - ამ სახელწოდებით, გასულ შაბათს, 23 აპრილს, ძველი თბილისის ცენტრში, თბილისში, კიევის ქუჩაზე  ქართულ-უკრაინული ერთდღიანი ფესტივალი გაიმართა. კულტურული ღონისძიების ინიციატორები იყვნენ საქართველოში უკრაინული დიასპორ და უკრაინის საელჩო, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რიმა ბერაძ და საკრებულოს ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს ხელმძღვანელი რიტა ხიდირბეგიშილი.

 ღონისძიება, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისი მერი დავით ნარმანია და უკრაინის საელჩოს ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ, ქართველი და უკრაინელი მხატვრების მიერ კედლების მოხატვით დაიწყო, შემდეგ სტუმრებმა საქართველოში მოქმედი უკრაინულ-ქართული ბიზნეს სექტორის საქმიანობის ამსახველი გამოფენა დაათვალიერეს. უკრაინული ღვინის დეგუსტაციის და უკრაინული სამზარეულოს დაგემოვნების მერე თბილისის საკრებულოს და მერიის ხელმძღვანელებმა თბილისელებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და ფესტივალის ჩატარება მიულოცეს, ხოლო რიმა ბერაძ იმედი გამოთქვა, რომ  სულ მალე თბილისში დაძმობილებული ქალაქების სახელობის ქუჩის გამწვანება-გალამაზებაში საქართველოში არსებული ეთნიკური დიასპორები მიიღებენ მონაწილეობას. 

 თეატრალიზებულ სანახაობაში ჩუღურეთის რაიონის საჯარო დაწესებულებების აღსაზრდელებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც უკრაინული და ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.

ფესტივალი სიმბოლურად, წაბლის ხეების დარგვით დასრულდა, რაშიც მოსახლეობასთან და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინის საელჩოს, თბილისის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

 „სრული ანშლაგი!“ – ასე იწყებოდა ქართული ტელევიზიის ყველა რეპორტაჟი ფესტივალიდან, რომელშიც თბილისელებთან, უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.