სამართალი
სააკაშვილი ხიდირბეგიშვილის ციტირებას ახდენს: “საქართველოში არის ორი ძალა, ერთი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მეორე მიკავშირდება მე. არ არსებობს ამ ეტაპზე მესამე არაფერი”

 ძვირფასო მკითხველო! 23 აპრილს რუსულმა საინფორმაცია სააგენტო REX-მა გაავრცელა „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის პუბლიკაცია „ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს - ივანიშვილი ან სააკაშვილი, სხვა პარტიები საქართველოში ჯერჯერობით არ არის“, სადაც წერია:

 საქართველოში დღეს მხოლოდ ორი პარტიაა - ივანიშვილის პარტია და სააკაშვილის პარტია, სხვა პარტიები საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს. დანარჩენი წვრილ-წვრილი პარტიები ან “ნაცმოძრაობის”, ან “ქართული ოცნების” იდეოლოგიურ პლატფორმაზე დგანან და პარლამენტში უმრავლესობით დამოუკიდებლად შესვლის შანსი არ აქვთ. ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს, რადგან “ქართული ოცნების” დამარცხება ავტომატურად ნიშნავს “ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტების გამარჯვებას აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ეს  რეალურია, თუკი აშშ-ის პრეზიდენტი, ბანკები და ფინანსთა სამინისტრო კონგრესმენ რასელის თხოვნას დააკმაყოფილებენ და დაეხმარებიან მათ, როგორც 2003 წლის ნოემბერში დაეხმარნენ, უფრო სწორად - სააკაშვილი მოიყვანეს”.

 მეორე დღეს, 24 აპრილს, „რუსთავი 2“-ის ეთერში - პოსტკრიპტუმთან ინტერვიუში ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაეთანხმა „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს და მისი ნათქვამი გაიმეორა:

 “დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, ამაში საერთოდ ეჭვიც არ მეპარება. არის ორი ძალა, ერთი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მეორე მიკავშირდება მე. არ არსებობს ამ ეტაპზე მესამე არაფერი. ეს მე მაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც უკრაინაში არ მივილტვი თანამდებობისკენ, მე დღეს საქართველოში არაფრისკენ არ მივილტვი. ჩემი ამოცანა არის, რომ რადგან ასე ჩამოყალიბდა ხალხის თვალში, ან ეს რუსი ოლიგარქი, ან ის, რასთანაც მე ვარ დაკავშირებული, მე თვითონ ვიყო ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე ოდესმე.

 როგორც იგეგმება და როგორც ყველაფერი გათვლილი გვაქვს, ეს არჩევნები ჩავამთავროთ, მოვიგოთ, მერე ჩამოვიდე, დავსხდეთ და დავეხმაროთ იმ ხალხს, იმ ჯგუფს, რომელიც გაიმარჯვებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო აპარატიდან მას საკმაოდ ბევრი ადამიანი ხვდება სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე.

 საქინფორმი ძალიან იმედოვნებს, რომ ამის შესახებ იციან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გომელაურმა, გენპროკურორმა შოთაძემ და შს მინისტრმა  მღებრიშვილმა, რომლებიც ვალდებული არიან სასწრაფოდ დაუსახელონ ქართველ ამომრჩეველს ამ „ადამიანების გვარები სახელმწიფო აპარატიდან“.

„საქინფორმის“ რედაქცია
2016 წლის 26 აპრილი