საზოგადოება
„მოვუწოდებთ ამერიკის ფინანსთა სამინისტროს და დასავლეთის ბანკებს, გაუყინონ აქტივები ბიძინა ივანიშვილს“ - კონგრესმენი სტივ რასელი

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. ამერიკის კონგრესის სესიაზე კონგრესმენმა ოკლაჰომას შტატიდან სტივ რასელმა საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარება და ქვეყნის თავისუფლება საფრთხის წინაშე დგას.

 „მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს, აღადგინონ წარმომადგენლობითი წევრობა, რომ შეეწინააღმდეგონ პირად მოსყიდვებს მოსკოვისა და მისი მარიონეტის ბიძინა ივანიშვილის მიერ.

 მოვუწოდებთ ამერიკის ფინანსთა სამინისტროს და დასავლეთის ბანკებს, გაუყინონ აქტივები ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, როგორც იარაღით უკანონო მოვაჭრემ, კანონი დაარღვია. მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღება მიაქციონ საქართველოს ოფიციალურ პირებს და ბიზნეს ლიდერებს, რომლებიც გამოიკვეთებიან თავისუფალი არჩევნების გაყალბებაში თანამონაწილეობაში, შეუჩერონ მათ ვიზების მოქმედება და გაუყინონ აქტივები, - განაცხადა რასელმა.

 სტივ რასელმა ყოფილი პრემიერი რუსეთისადმი ლოიალურად და პუტინის მოკავშირედაც მოიხსენია.

 „რუსეთი ჩვეული გეგმის მიხედვით ცდილობს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, იმ იმედით, რომ საქართველოს დედაქალაქში პრორუსული ხელისუფლება იქნება. მთავარი მოქმედი პირი ამ პოლიტიკურ პროცესში ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. მისი მიზანი საარჩევნო პროცესში ჩარევაა, ხმების ყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების დასჯის გზით. ასევე მისი მიზანია ქვეყნის ადმინისტრაციული და პოლიტიკური რესურსების გამოყენებით არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა.

 მოვუწოდებთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დაეხმაროს საქართველოს საარჩევნო პროცესის მონიტორინიგის თვალსაზრისით“, - განაცხადა რასელმა.