სამართალი
„ნატოში შესვლასთან დაკავშირებით ოპტიმიზმს საფუძველი არ გააჩნია - ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რადგან ამის მზადყოფნა ნატო-ს წევრ ქვეყნებს არ აქვთ!” - მეჭიაური

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კონგრესმენ სტივ რასელის მიერ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან. შეფასება "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა გააკეთა.

 „რაღაცა დოზით რაღაცას გუნდში ვემიჯნები. აგერ, უკვე ქვეყნის გარედანაც დაიწყეს ზეწოლა და შანტაჟი. ბიძინა ივანიშვილს არ ვეთანხმები იმაში, რომ ის მეტისმეტად ოპტიმისტურად უყურებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მე ევროკავშირის და მასში გაწევრიანების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ მესმის ეს მეტისმეტი ოპტიმიზმი ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ამ ოპტიმიზმს საფუძველი არ გააჩნია და მგონია, რომ ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რადგან ამის მზადყოფნა ნატო-ს წევრ ქვეყნებს არ აქვთ. არ ვიცი, რას ნიშნავს ხალხის დაჯერება, რომ ხვალ უფრო ახლოს ვიქნებით ნატო-სთან, ზეგ MAP-ზე უკეთესს მოგვცემენ, მერე უფრო უკეთესს და ა.შ. ამასობაში, მე ვფიქრობ, რომ იმაზე უფრო შორს ვრჩებით ნატო-სგან, ვიდრე აქამდე ვიყავით“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.