აქტუალური
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, უკვე მეორე თვეა, სააღრიცხვო განაკვეთი უცვლელად დატოვა 7.5 %-ზე.
ეროვნული ბანკის შესაბამისი კომიტეტის სხდომის შემდეგ გაცხადდა, რომ, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ნორმის ეტაპობრივად 15 %-მდე გაზრდის შესახებ.
დასაწყისისთვის, მომავალი წლის 20 იანვრიდან აღნიშნული სარეზერვო ნორმა 10%-მდე გაიზრდება. „სარეზერვო მოთხოვნების ზრდა არ შეეხება კაპიტალსა და მასთან გათანაბრებულ გრძელვადიან რესურსს,“ – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა.
როგორც საქინფორმის კირესპონდენტს ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენლებმა აცნობეს, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 10.5 % შეადგინა. სურსათის გაძვირების წვლილი ამ მაჩვენებელში დაახლოებით 9.1 პროცენტულ პუნქტს აღწევს, ხოლო მომსახურებაზე ფასების წლიური ზრდა 0.6 %-ს შეადგენს.
ექსპერტების განცხადებით, ეს მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის სიმცირეზე მიუთითებს.