პოლიტიკა
სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს დახურული სხდომა ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა

krebbaსახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს დახურული სხდომა, რომელიც პარასკევს გვიან საღამოს დაიწყო, ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ კახა შარტავა, ირაკლი ბათიაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე, ეკა ბესელია და რეზო ესაძე.

სხდომიდან გამოსულმა "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარი იყო ბადრი ბიწაძის გახმაურებულ ინტერვიუსთან დაკავშირებითაც, თუმცა დეტალებზე კომენტარს კრების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი გააკეთებდა.

ნონა გაფრინდაშვილმა კი, ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რომ "ნინო ბურჯანაძე მზად არის, დაჯდეს დებატებში და ყველა კითხვას უპასუხოს". მანვე აღნიშნა, რომ სხდომაზე საუბარი იყო ნინო ბურჯანაძის ვიზიტზე მოსკოვში და საორგანიზაციო საკითხებზე.

შემდეგ გაფრინდაშვილმა გააგრძელა: "გაიშვირეს ხელი ქალბატონი ნინოსკენ და ითხოვეს მისი დებატებში გამოწვევა. ქალბატონმა ნინომ უპასუხა, რომ მზად არის დებატებისათვის და ყველა კითხვას უპასუხოს... ჩვენთვის შეხვედრა იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რადგან არ გავჩერებულვართ, ვაგრძელებთ მუშაობას, ვამზადებთ სხვადასხვა ღონისძიებებს. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან გვაინტერესებდა ქალბატონი ნინოს ვიზიტი მოსკოვში. მისი ვიზიტი არ იყო კრების სახელით, ეს იყო მისი ინდივიდუალური ვიზიტი. რაც მან გვითხრა, არის ძალიან საინტერესო. თუ ჟურნალისტები დაინტერესდებიან, ის თავად გაგცემთ პასუხს“.

„მუშაობა გრძელდება, ნუ დავუჯერებთ სხვადასხვა ჭორებს, ყველაფერი რიგზეა და ვაგრძელებთ მუშაობას", - განუცხადა ნონა გაფრინდაშვილმა საქინფორმის კორესპონდენტს.

ეკა ბესელიამ შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა. მან განმარტა, რომ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს.