საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. სენაკში სრული ციკლის თანამედროვე, „ევრო 4“ სტანდარტის შესაბამისი ცემენტის მწარმოებელი ქარხანა აშენდება – პროექტის დეტალები საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის შეხვედრაზე განიხილეს.
პროექტი ჩინურ კომპანიასთან ერთად ხორციელდება და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარია. მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყება და მასზე 500 ადამიანი დასაქმდება, ამავე რაოდენობის მუშახელი დასაქმდება ქარხანაში მისი ამოქმედების შემდეგ. სენაკში წარმოებული ცემენტი განკუთვნილი იქნება როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ისე საექსპორტოდ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სახელით ბიზნესმენს მხარდაჭერა აღუთქვა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში და ხაზი გაუსვა ინვესტიციების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.