აქტუალური
ქართული გენშტაბის უფროსმა დონბასში დაჭრილი უკრაინელი სამხედროები მოინახულა, რომლებიც საქართველოში მკურნალობენ

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია და დაშავებულ უკრაინელ სამხედროებს შეხვდა.

 „ქართველი და უკრაინელი დაშავებული სამხედროები ახლა ერთად იმყოფებიან ამ მართლაც მშვენიერ ადგილას და მუდმივად არიან ჩვენი ექიმების დაკვირვების ქვეშ. ამავე დროს, მათ აქვთ ექსკურსიები, კულტურული პროგრამა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ თავი იგრძნონ საკუთარ სახლში და ქვეყანას და შეიარაღებულ ძალებს ჯანმრთელები და ბრძოლისუნარიანები დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

 წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში 11 უკრაინელი და 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს. უკრაინელი სამხედროები საქართველოში რეაბილიტაციის კურსს საქართველო-უკრაინას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად გადიან.