პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: “რუსეთი მზად არის დაეხმაროს საქართველოს, თუკი საქართველო ამას თვითონ მოინდომებს!”

 2016 წლის 14 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩაატარა ტრადიციული ყოველწლიური პირდაპირი ხაზი რუსეთის მოქალაქეებისთვის, ხოლო მეორე დღეს - 2016 წლის 15 აპრილს (შემთხვევითობაა?) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამართა თავისი პირველი შეხვედრა ცენტრალური ქართული ტელე-მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან. პუტინისა და კვირიკაშვილის პასუხები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით პირდაპირ და ირიბ მესიჯებს შეიცავდა.

 

 პუტინის მესიჯები

 „კარგი ურთიერთობა მეზობლებთან“ - გულისხმობს თურქ, უკრაინელ და ქართველ ხალხებს, რომლებიც რუსეთისათვის „მეგობრებად რჩებიან და არა მტრებად“.

 „პრობლემები მეზობელი სახელმწიფოების არადეკვატურ პოლიტიკოსებთან“ - გულისხმობს თურქ, უკრაინელ და ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებზეც რუსეთი „მშვიდად, ნახტომების გარეშე რეაგირებს, მაგრამ რეაქცია აქვს, რადგან სხვა შემთხვევაში თავზე დაასხდებიან, როგორც უკვე მომხდარა“.

 რჩევა მეზობელი სახელმწიფოების ზემოთ ხსენებულ არაადეკვატურ პოლიტიკოსებს - სანამ გვიან არ არის, გონს მოეგონ, იმიტომ, რომ რუსეთის მოთმინება უსაზღვრო არ გახლავთ - მოჰყავს უკრაინის მაგალითი, რომელმაც თავისი „ცივილიზებული არჩევანი“ გააკეთა და რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, შედეგად საკუთარი ეკონომიკა დაანგრია, რუსეთთან კავშირი გაწყვიტა, ევროპამ კი არ მიიღო (როგორც იოსებ ბესარიონის ძე იტყოდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო - «ни Богу свечка, ни чёрту кочерга»).

 სხვათა შორის, პუტინმა სტალინი გაიხსენა, როცა პასუხობდა შეკითხვას არჩევნების შესახებ (ციტატა): „ხალხთა მამა ოდესღაც ამბობდა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ აძლევს ხმას, მნიშვნელოვანია - ვინ როგორ თვლის“, რაც ძალზედ აქტუალურია რუსეთისა და საქართველოსთვის კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნების წინ.

 დიახ, ოფიციალურ თბილისს, კიევისაგან განსხვავებით, ჭკუა ეყო, არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამაც, უკრაინის ხელმძღვანელობის მსგავსად, ხალხის სახელით გააკეთა „ცივილიზებული არჩევანი“ და განაცხადა, რომ საქართველო - ევროპაა, ქართველები კი - პირველი ევროპელები, რომლებიც დღეს, უძღები შვილების მსგავსად, თავიანთ ევროპულ ოჯახში ბრუნდებიან. ამის თაობაზე პუტინმა აღნიშნა, რომ „თუ ვინმემ დახრჩობა გადაწყვიტა, მისი გადარჩენა შეუძლებელია“ და რომ „რუსეთი მზად არის, დახმარების და მეგობრობის ხელი გაუწოდოს ნებისმიერ პარტნიორს, მაგრამ მხოლოდ თუკი ის ამას თვითონ მოისურვებს“.

 განვმარტავ მათთვის, ვინც მაინც ვერ გაიგო: უკრაინაზე ლაპარაკისას პუტინმა შემთხვევით როდი აღნიშნა, რომ „კრემლში ნახევარ წელიწადს იცდიდნენ და არაფერი გაუკეთებიათ - იმედით, რომ იქ გონს მოეგებოდნენ“. რა მოხდა უკრაინაში, როცა რუსეთს მოთმინება გამოელია, ყველამ იცის: ყირიმის აღიარება და საპასუხო ეკონომიკური სანქციები. ამით პუტინმა სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებამდე ორიოდე თვით ადრე კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ, შესთავაზა საქართველოს ხელისუფლებას - დროულად დაფიქრებულიყო საქართველოს უალტერნატივო  ევროატლანტიკური არჩევანის შედეგებზე, საბოლოოდ ჩამოყალიბებულიყო ოსების, აფხაზების და რუსების თაობაზე და გადაუდებლად შეხვედროდა რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც მზად არის დაეხმაროს საქართველოს, თუკი საქართველო ამას თვითონ მოინდომებს (პუტინი - პარტნიორებზე, იხ. ზემოთ). მერე ხომ უკვე გვიან იქნება: როცა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი გორთან გაივლის - ტრასიდან 10 კილომეტრში, შორეულ მოსკოვში მოლაპარაკებებზე გაფრენა საჭირო აღარ იქნება - რუსეთი თვითონ მოუახლოვდება თბილისს 40 კილომეტრის მანძილზე...

 აღსანიშნავია, აგრეთვე, როგორ სულგრძელად უწოდა პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას „წესიერი, ვაჟკაცი და ძლიერი ადამიანი“ - იმისათვის, რომ ამ უკანასკნელმა ლიბიაში თავისი შეცდომა  აღიარა. და კიდევ, სტალინის გარდა, პუტინმა გაიხსენა 1920 წელს კიევის სამხედრო ოლქის ჯარებისათვის დაწერილი მარში «Красная армия всех сильней!»; სიტყვები „ინტერნაციონალიდან“ «Никто не даст нам избавленья - ни Бог, ни царь и ни герой!» და სიტყვასიტყვით გაიმეორა ავტოგარბენის ლოზუნგი ილფის და პეტროვის „ოქროს კერპიდან“ «Ударим по бездорожью и разгильдяйству!», რითაც დაადასტურა XIX საუკუნის რუსი კლასიკოსების სენტენციის აქტუალურობა - „რუსეთს ორი უბედურება სჭირს - გზები და სულელები“.

 

 კვირიკაშვილის მესიჯები

 უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ საქართველოს ახლანდელი პრემიერ-მინისტრი მეტად წესიერი ადამიანი და დადებითი პიროვნებაა, ამიტომ, როდესაც უაღრესად კეთილგანწყობით პასუხობდა ქართველი ტელეწამყვანების შეკითხვებს, ერთხელაც არ “ჩაიჭრა” და თავს უფლება არ მისცა, ტონისთვის აეწია, რასაც ზოგიერთი მათგანი დიახაც იმსახურებდა. ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ, პუტინისგან განსხვავებით, კვირიკაშვილი დამოუკიდებელი ადამიანი არ გახლავთ, ქართველი პრემიერი ორმაგად იმსახურებს შექებას, იმიტომ, რომ ასეთ რთულ ონლაინ-მდგომარეობაშიც კი მან “არც მწვადი დაწვა, არც შამფური და არც ხიდები”.

 კვირიკაშვილმა, თითქმის პუტინივით, აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე და კრიტიკულ სიტუაციებზე საჭიროა მშვიდად, ნახტომების გარეშე რეაგირება და დაგმო მძლავრი ანტირუსული კამპანია, რომელიც საქართველოში გარკვეულმა “პროდასავლურმა” ძალებმა გააჩაღეს (სინამდვილეში - დასავლეთისა და თურქეთის სპეცსამსახურების დაქირავებულმა პრიმიტიულმა გავლენის აგენტებმა, თანაც - დრომოჭმულებმა). კვირიკაშვილმა გასაგებად განმარტა, რომ დასავლეთისთვის განკუთვნილი ეგზალტირებული რიტორიკა - “იხსენით საქართველო მთავარი საფრთხის - რუსეთისაგან! ჩვენკენ რუსული ტანკის ლულაა მომართული!” - გამოიწვევს იმას, რომ ყველა უცხოელი ინვესტორი უარს იტყვის ინვესტიციების ჩადებაზე ისეთ “სახიფათო და არასტაბილურ ზონაში”, როგორიც საქართველოა, რაც ქართული ეკონომიკისთვის დაღუპვის ტოლფასია.

 არანაკლებ ადეკვატური და გონივრული იყო კვირიკაშვილის მესიჯები NDI-ს შეკვეთილი გამოკითხვების თაობაზე, “რომელთა კონტრაქტორ შემსრულებლებს ხშირად პროფესიონალიზმი არ ჰყოფნით”, ერგო - მათი შედეგები “ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ ყოველთვის სინამდვილეს არ შეესაბამება”.

 საქართველოს პრემიერის, ალბათ, მთავარ განცხადებას, რომელიც პოლარიზებული ქართველი საზოგადოებისკენ იყო მიმართული - “როგორი ევროპელებიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ კავკასიელები ვართ!” - კი შეიძლებოდა, “ვაშინგტონის საოლქო კომიტეტის” უკმაყოფილება გამოეწვია, რომ არა უაღრესად მშვიდობისმოყვარე კონტექსტი: “კავკასიელები ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ კმარა ერთმანეთის შეურაცხყოფა, პოლარიზაცია ხომ კონფრონტაციაში გადაიზრდება!”.

 პუტინის მსგავსად (ობამას შექების შემთხვევაში), კვირიკაშვილიც ხედავს ოპონენტებში დადებითს (სააკაშვილის მიერ ჩატარებულ საბაჟო და საგადასახადო სისტემების რეფორმას), მაგრამ ამავე დროს სამართლიანად გაუსვა ხაზი, რომ “2007 წლიდან საქართველოში ცხოვრება კოშმარი გახდა”.

 რა თქმა უნდა, შეიძლება არ დავეთანხმოთ კვირიკაშვილს იმაში, რომ 2007 წლიდან სააკაშვილის მაღალჩინოსანი რეკეტიორების მიერ ექსპროპრიირებული ქონების კანონიერი მფლობელებისთვის ტოტალურად დაბრუნება შეუძლებელია - “ამის გაკეთების საშუალებას ნებისმიერ სახელმწიფოში არსებული “წითელი ხაზები” და სამართლებრივი ჩარჩოები არ იძლევა”. და კიდევ, კვირიკაშვილი საპარლამენტო არჩევნებამდე არ აპირებს ოპოზიციაში გადასული რესპუბლიკელი მინისტრების გათავისუფლებას, თუ კი ისინი საარჩევნო სიებში არ აღმოჩნდებიან და თვითონ არ წავლენ...

 მაგრამ ნუ ვიქნებით მეტისმეტად მკაცრები ქართველი პრემიერის მიმართ, კვირიკაშვილი ხომ “არც ღმერთია, არც მეფე და არც გმირი” («ни Бог, ни царь и ни герой»), ის მხოლოდ პასუხისმგებელი და კეთილსინდისიერი შემსრულებელია, რომელიც “თავს ზემოთ ვერ ახტება”. მით უმეტეს, რომ “თავი” - მაღლა და შორს არის...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 16 აპრილი
საქართველო, თბილისი