რელიგია
პატრიარქის ქადაგება დიდი მარხვის მეხუთე კვირას (მარიამ ეგვიპტელის ხსენება 17.04.2016)

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი.

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

მოგვიახლოვდა აღდგომის ბრწყინვალე დღესაწაული, ორი კვირაღა დარჩა… და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღირსეულად შევხვდეთ ამ დიდებულ დღესასწაულს.

დღეს არის ხსენება ღირსისა დედისა ჩვენისა მარიამ ეგვიპტელისა. მარიამ ეგვიპტელი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აღდგეს ცოდვებისაგან ადამიანი, როგორ უნდა მოიკრიბოს ძალა იმისათვის, რომ განიკურნოს ვნებებისაგან.

როცა ჩვენ ვფიქრობთ დღევანდელ დღეზე, როცა ჩვენ ვფიქრობთ ხალხზე, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ეცემა ცოდვებში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჟამი ახლოს არს, ჟამი მოახლოებულ არს და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ რათა სულიერად განვიწმინდოთ გონება.

საოცარი ის არის რომ ადამიანი ეცემა სულიერად და არ გრძნობს, რომ ის ეცემა. საოცარი ის არის რომ ცოდვა, თანამედროვე ადამიანს არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის. ამასთან, საკვირველი ის კი არ არის რომ ადამიანი ეცემა, საკვირველი ის არის, რომ მას აქვს უნარი მოიკრიბოს ძალა და განთავისუფლდეს ცოდვებისაგან; ბრწყინვალე მაგალითი ამისი არის მარიამ ეგვიპტელი.

მარიამ ეგვიპტელი სულ ყრმობიდან (ახალგაზრდობიდან) სულიერად დაეცა და დასჭირდა ბევრი შრომა, ბევრი ღვაწლი, წლების განმავლობაში უდაბნოში მოღვაწეობა, რომ განწმენდილიყო. შევთხოვთ უფალს, რომ მაცხოვარმა ჩვენც მოგვცეს ძალა სულიერი აღდგომისა, სულიერი განწმენდისა და სულიერი ამაღლებისა.

ადამიანი შექმნილია ხატად ღვთისა და უფალი რომელიც აძლევს მძიმე ჯვარს, იგივე უფალი აძლევს ძალას ადამიანს, რომ გაუმკვლავდეს ცოდვებს.

ღმერთმა გიშველოთ, ღმერთმა ძალა მოგანიჭოთ.

ღმერთმა მოგანიჭოთ მადლი სულისა წმინდისა, ის მადლი რომელიც კურნავს უძლურთა და აღავსებს ნაკლულევანთა.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო.

ბედნიერი აღგდომა გაგვითენოს უფალმა!

ჩვენთან არს ღმერთი!

patriarchate.ge