საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. 14 აპრილს ტელეკომპანიების "პირველი", "როსია 1", "როსია 24", რადიოსადგურების "მაიაკი", "ვესტი FM" და "რადიო როსიი" ეთერებში გადაიცა საგანგებო პროგრამა "პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან". ტელეეთერის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა პასუხი გასცა 80 შეკითხვას. პროგრამა 3 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. პროგრამის ფარგლებში სამ მილიონზე მეტი კითხვა დაისვა.
ა. კოზლოვას კითხვაზე - "ცოტა ხნის წინ გაზეთებში ეწერა, რომ ლუდმილა ალექსანდროვნა გათხოვდა. თქვენ როდის წარმოგვიდგენთ ჩვენი ქვეყნის პირველ ლედის?" - პუტინმა უპასუხა:
"მე და ლუდმილა ალექსანდროვნა ზოგჯერ ვხვდებით ერთმანეთს, თუმცა, იშვიათად. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს - იქნებ უკეთესიც, ვიდრე მანამდე. დიახ, ვიცი, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს. გაზეთებში რასაც წერენ, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ის თავისი ცხოვრებით კმაყოფილია, ყველაფერი კარგად არის. მეც კმაყოფილი ვარ, მეც ყველაფერი კარგად მაქვს.
საჭიროა თუ არა პირველ პლანზე ისეთი საკითხების წამოწევა, რომელსაც თქვენ ახლა შეეხეთ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი - ემანდ, კურსის სხვაობაზე ან ნავთობის ფასზე არ იმოქმედოს. მაგრამ სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, ადამიანები ხომ ირჩევენ დეპუტატებს სახელმწიფო დუმაში, და პრეზიდენტსაც ირჩევენ იმისთვის, რომ ჩვენ ვიმუშაოთ. თქვენი კითხვა კი, ის, პირად ცხოვრებას ეხება, ცხადია, ადამიანებს აინტერესებთ. ამას უკვე დიდი ხანია, შევურიგდი და მესმის, მაგრამ ყველაფერი ეს მაინც არ არის პირველხარისხოვანი მნიშვნელობისა. იქნებ როდისმე შევძლო კიდეც თქვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. დიდი მადლობა".