პოლიტიკა
"არ ვაპირებ რესპუბლიკელი მინისტრების გათავისუფლებას" - გიორგი კვირიკაშვილი

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რესპუბლიკური პარტიის მხრიდან საგარეჯოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ თემაზე პროკურატურამ შესაბამისი განცხადება უკვე გააკეთა.

 კვირიკაშვილი ასევე შეეხო რესპუბლიკელი მინისტრების საკითხს.

 “რაც შეეხება რესპუბლიკელი მინისტრების მთავრობაში ყოფნას, არ ვაპირებ მათ გათავისუფლებას. კანონით არის გათვალისწინებული ვადები, ეს არის ერთთვიანი ვადა. თუ ისინი მოისურვებენ საარჩევნო სიაში ყოფნას, ამ დროისათვის სავარაუდოდ თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ პარტნიორობის და კონკურენციის რეჟიმში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 “მთავრობაში მუშაობს არაერთი ძალიან ღირსეული ადამიანი, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს   კონკრეტულ დროში. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ არჩევნების შემდეგ ან მანამდეც არ მოხდება რაიმე ცვლილება... არიან უფრო წარმატებული მინისტრები, არიან ნაკლებად წარმატებული მინისტრები, მაგრამ არჩევნებამდე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ვგეგმავ, სავარაუდოდ, იქნება ერთი ან ორი ცვლილება. რაც შეეხება არჩევნების შემდეგ პერიოდს, შემდეგ აუცილებლად მოხდება გუნდის განახლება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.