აქტუალური
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი სწავლება დასრულდა

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. კურსის დახურვის ცერემონიალი ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადაში გაიმართა. სწავლების მონაწილეებს სიტყვით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და „ნორვეგიის თავდაცვის საერთაშორისო ცენტრის“ NODEFIC კომენდანტმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კიელ პედერსენმა მიმართეს.

პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პროექტის ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ კრისტიან ემაუსს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. სწავლების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ნატოს ლოგისტიკის ათდღიანი კურსი საქართველოში პირველად ჩატარდა. სწავლებაში 15 ქართველი და 8 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. სწავლების მიზანი ნატოსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის თავსებადობის გაზრდაა. ნატოს ლოგისტიკური კურსი ალიანსის მხრიდან რეგიონის უსაფრთხოების მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა. იგი ხელს უწყობს საქართველოს მისწრაფებებს რეგიონული პარტნიორობის გასაღრმავებლად და საქართველოსთან, როგორც ნატოს სამშვიდობო მისიების მნიშვნელოვან მონაწილე ქვეყანასთან, ნატოს აქტიურ თანამშრომლობაზე მიუთითებს.