რედაქტორისგან
“ყარაბაღის გაკვეთილები” - ИА REX-ის ექსკლუზიური ინტერვიუ “საქინფორმის” მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან

 - ბატონო არნო, 5 აპრილს, პუბლიკაციაში “სომეხი სააკაშვილი ქართველებს ყარაბაღში აგზავნის – სომხების დასახოცად!”, თქვენ, კერძოდ, წერდით:

 “დონბასში მებრძოლ „ქართულ ეროვნულ ლეგიონს“ მამუკა მამულაშვილის მეთაურობით სომეხი სააკაშვილი ყარაბაღში აგზავნის – აზერბაიჯანის არმიის დასახმარებლად. აზერბაიჯანს დახმარება თურქეთმაც აღუთქვა. ამგვარად, საქართველოს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად სააკაშვილმა სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტში ქართველებიც ჩარია, რომლებიც თურქებთან ერთად დახოცავენ სომხებს. შედეგად საქართველოში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეტაკებები დაიწყება, მამულაშვილის „ქართული ლეგიონი“ ყარაბაღის შემდეგ უკრაინაში არ დაბრუნდება, არამედ თურქეთის არმიასთან ერთად საქართველოში შემოვა – ვითომდა, აზერბაჯანელების დასახმარებლად და ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის დასაცავად, რომლის მეშვეობითაც ბაქო ანკარის სამხედრო დახმარებას მიიღებს. თუ ოფიციალური თბილისი ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცდება, თურქეთი საქართველოს საზღვაო საზღვარს გადაუკეტავს და პურისა და კვების სხვა პროდუქტების გარეშე დატოვებს. ასევე, გავა ყარსის ხელშეკრულებიდან და მიიტაცებს აჭარას, აზერბაიჯანი კი საქართველოს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს ორივე – სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ სამხრეთ კავკასიური და შაჰ-დენიზ–თბილისი–თურქეთის  მილსადენით”.

 და მართლაც, ორი დღის შემდეგ - 7 აპრილს - საქართველოს შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მიწოდება შეუწყდა, რისი კომპენსირებაც რუსეთმა მოახდინა. დამთხვევაა? ეს პოლიტიკური მიზეზბით მოხდა, როგორც თქვენ იწინასწარმეტყველეთ, თუ ტექნიკური ხარვეზების გამო, როგორც ოფიციალურად იუწყებიან?

 - ვფიქრობ, მართალი ვიყავი. განაწყენებულმა აზერბაიჯანმა ამით საქართველო და თურქეთი გააფრთხილა, რომელიც ამ გაზსადენის ბოლო პუნქტია.

 - რის გამო გაუნაწყენდა აზერბაიჯანი თურქეთს და საქართველოს? თურქეთმა, პაკისტანთან ერთად, მთიან ყარაბაღში 1994 წლის 12 მაისს ცეცხლის რეჟიმის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საომარი მოქმედებების პირველსავე საათებში აზერბაიჯანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, ისევე, როგორც საქართველოს ექსპრეზიდენტმა - ოდესის ახლანდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კი მკაცრად ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და შუამავლის სახით თავისი სამსახური შესთავაზა.

 - ყველაფერი უაღრესად მარტივია. მას შემდეგ, რაც რუსეთი სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში ჩაერთო, თურქეთის პრეზიდენტის გეგმები ქურთების განადგურებასთან და სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ოსმალეთის იმპერიის აღორძინებასთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩაიფუშა. მეტიც - რუსეთმა თურქეთი ტერორისტებთან თანამშრომლობაში ამხილა - ახალი დაქირავებული მებრძოლებისა და იარაღის მიწოდებაში, ნავთობპროდუქტებით, ნარკოტიკებით და სირიიდან გამოზიდული ფასდაუდებელი უძველესი არტეფაქტებით ვაჭრობაში. რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა ეს არხები აშშ-ის ჩუმი თანხმობით გადათხარეს და პასუხად თურქეთმა, რომელმაც მილიარდობით შემოსავალი დაკარგა, საბედისწერო შეცდომა დაუშვა და რუსეთის საფრონტო ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო.

 თურქეთის გეგმები ჩაიშალა იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა ვერაფრით გაიგო - რუსეთმა პრაგმატული პოლიტიკის გატარება დაიწყო, რომელიც არა სხვა ქვეყნების, არამედ რუსულ ინტერესებზე იყო ორიენტირებული, ამიტომ რუსეთი სირიაში კი არ ჩარჩა, როგორც ერდოღანი იმედოვნებდა, არამედ ბრწყინვალედ ჩაატარა ანტიტერორისტული ოპერაცია - რითაც, ამასთანავე, აშშ-ის მადლიერებაც დაიმსახურა - და თავისი ძირითადი ძალები იქიდან გამოიყვანა.

 ამის შემდეგ კი დივიდენდების მიღება დაიწყო: ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის წევრები, ბოლოს და ბოლოს, დათანხმდნენ, ნავთობის მოპოვება ახლანდელ დონეზე გაეყინათ, რამაც მყისვე გამოიწვია ბარელზე ფასების მკვეთრი ზრდა; ევროპაში რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნაზე ალაპარაკდნენ; მოსკოვში კი ერთმანეთის მიყოლებით ჩავიდნენ ვიზიტებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი წითელი ჩემოდნით და CIA-ს დირექტორი ჯონ ბრენანი. “ბოლო წვეთად” იქცა 1 აპრილს (“სულელების დღეს”) ვაშინგტონში ბირთვული იარაღის სამიტზე მყოფი თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან. ბარაკ ობამამ, რომელიც უხალისოდ დათანხმდა შეხვედრაზე, ერდოღანთან მძაფრი უკმაყოფილება გამოთქვა თურქეთში თავისუფალ სიტყვაზე განხორციელებული ზეწოლის, ჟურნალისტების დატერორების და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური გაზეთის “ზამანის” დარბევის გამო, აგრეთვე სირიასა და ერაყში ქურთებზე თავდასხმის გამო, რის შემდეგაც ერდოღანს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებისთვის თურქეთ-სირიის საზღვრის დაკეტვა მოსთხოვა. გაცოფებულმა ერდოღანმა მეორე დღესვე - 2 აპრილს - აზერბაიჯანს ყარაბაღში ბლიცკრიგზე თანხმობა განუცხადა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ აზერბაიჯანელების ხელით რუსებს ომში ჩაითრევდა, რაც არც სირიაში გამოუვიდა თავისი მეგობრების - ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების ხელით და არც ყირიმში - ყირიმელი თათრების ხელით.

 - ანუ მიგაჩნიათ, რომ საომარი მოქმედებები სომხეთმა კი არა, აზერბაიჯანმა წამოიწყო?

 - მოდით, ლოგიკას მივყვეთ. რა მიზნით მოინდომებდა სომხეთი უცებ შეტევის პირველი წამოწყებას? ბაქომდე მისასვლელად?! სისულელეა. აი, აზერბაიჯანის მიზანი კი ტერიტორიების დაბრუნებაა, და ამ მიზანს აზერბაიჯანში არასდროს მალავდნენ, ამ მიზნით ყიდულობდნენ უახლეს შეიარაღებას, მათ შორის - ისრაელისა და რუსეთის წარმოების. თურქეთის დახმარების იმედით აზერბაიჯანმა 2016 წლის 2 აპრილის ღამეს ბედი სცადა (როგორც საქართველომ 2008 წლის 8 აგვისტოს, როცა უკრაინის დახმარება მიიღო), მაგრამ ანგარიშში მოტყუვდა - აშშ-მა და ევროპამ საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვეს, ხოლო რუსეთს სომხების შეჩერებაც კი მოუხდა, რისთვისაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა მას მადლობა გადაუხადა.

 ზუსტად ასევე, არ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ომი ოსებმა დაიწყეს, რათა თბილისამდე მოსულიყვნენ. ეს სისულელეა. აი, სააკაშვილი კი თავის მიზნებს - ტერიტორიების დაბრუნებას - ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან არ მალავდა, იარაღს ყიდულობდა, მათ შორის - ისრაელის და რუსეთის წარმოების. და 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს, დაჰყვა რა თავდაცვის მაშინდელი მინისტრის დავით კეზერაშვილის ხვეწნა-მუდარას, ცხინვალზე “გრადებით” შეტევა გაბედა. ეს სწორედ ის კეზერაშვილია, რომელიც ლონდონის სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია და საქართველოს ხელისუფლებისთვის მის გადმოცემაზე უარი თქვა, მანამდე კი ინტერპოლმა წითელი ცირკულარიდან ამოიღო. რით დამთავრდა ის 5-დღიანი ომი, კარგად მოგეხსენებათ.

 - როგორ ფიქრობთ, ყარაბაღში 5-დღიანი ომის შედეგად სომხეთმა გაიმარჯვა თუ აზერბაიჯანმა?

 - მიმაჩნია, რომ თურქეთის პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანმა წააგო, რადგან სომხეთმა ყველა პოზიციის დაბრუნება შეძლო, რომლებიც 2 აპრილამდე ეკავა. მაგრამ ორივე მხრიდან უაზრო მსხვერპლისთვის გამარჯვების დარქმევა მკრეხელობაა, ეს ყველაზე უკეთ საქართველოში იციან, რომელმაც მსგავსი ქმედებების შედეგად ტერიტორიების 20% დაკარგა და ნახევარი მილიონი დევნილი მიიღო.

 სხვათა შორის, რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ შუამავლის როლს, რომელიც საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ერევანსა და ბაქოს შესთავაზა. დიახ, საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც; დიახ, საქართველო მრავალეროვნული ქვეყანაა,სადაც მოსახლეობის მესამედს ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები შეადგენენ, მაგრამ საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საკუთარი კონფლიქტების მოგვარების ძალა და უნარი არ გააჩნია - სხვის კონფლიქტებში მედიატორობას როგორღა შეძლებს, თუნდაც სამეზობლოში?! არა, ჩვენი გამოცდილება მათთვის მაგალითი არ არის, უფრო სწორად, უარყოფითი მაგალითია იმისა, რას იწვევს ტერიტორიული და ეთნიკური პრობლემების ძალის გამოყენებით გადაჭრა.

 და კიდევ, საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ერთ-ერთ თანათავმჯდომარესთან - რუსეთთან, არადა, არც აზერბაიჯანს, არც სომხეთს მინსკის ფორმატზე ჯერ უარი არ უთქვამთ.

 - როგორ მიგაჩნიათ, “ზავი ხანგრძლივი იქნება”, როგორც ერევანსა და ბაქოში ვიზიტების შემდეგ რფ-ის მთავრობის თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი ვარაუდობს?

 - უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის გარდა, ზავით დაინტერესებულია კიდევ ორი შუამავალი ეუთო-ს მინსკის ჯგუფიდან - საფრანგეთი და აშშ. ამერიკამ ერთხელ სერიოზულად სცადა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება - თუ არ ვცდები, 2011 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თურქეთი-აზერბაიჯანი-სომხეთის მოჯადოებულ სამკუთხედში აქეთ-იქით აწყდებოდა, რის შედეგადაც ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის რატიფიცირების შემდეგ თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნა, ხელმომწერი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობა რეალობად იქცეოდა და თურქეთი ავტომატურად ხდებოდა მთავარი შუამავალი კონფლიქტში. მაგრამ აზერბაიჯანმა მაშინ ეს პროცესი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრას მიაბა. ანუ, იმისათვის, რომ მხარეებს შორის შუამავალი იყო, დიპლომატიური ურთიერთობა ორივესთან უნდა გქონდეს, აზერბაიჯანი კი სომხეთ-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას მხოლოდ ყარაბაღიდან სომხური ჯარების გასვლის პირობით თანხმდებოდა. თურქეთის მეჯლისმა მაშინ აზერბაიჯანის მილი მეჯლისს ანგარიში გაუწია, შედეგად კი კონსტრუქციული პროცესის - დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის, საზღვრის და სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის, სომხეთსა და თურქეთს შორის ბიზნესის წარმოების - ნაცვლად აშშ-ის ძალისხმევა წყალში ჩაიყარა და თურქეთიც შუამავლობის კანდიდატი აღარ იყო.

 - მაგრამ თუ მაშინ ყარაბაღის თავდაცვის არმიას გამოიყვანდნენ, უფრო სწორად - დაშლიდნენ (ის ხომ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შედგება), განა ეს არ ნიშნავდა, რომ პრობლემა ამოწურულია და სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ? ასეთ შემთხვევაში საერთოდ რისთვისღა იქნებოდნენ საჭირო შუამავლები?

 - სრული სიმართლეა. აზერბაიჯანის მაშინდელი მოთხოვნა ისეთივე არალოგიკური იყო, როგორიც საქართველოს დღევანდელი მოთხოვნაა რუსეთის მიმართ - “ჯერ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარები გაიყვანეთ, მერე კი თქვენთან დიპლომატიურ ურთიერთობას აღვადგენთ”. მაგრამ რუსეთი არც აფხაზეთში, არც სამხრეთ ოსეთში და არც მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მხარე არ არის, პრობლემების გადასაჭრელად კი საჭიროა კონფლიქტის მეორე მხარესთან პირდაპირი დიალოგის გამართვა და არა გამალებული შეიარაღება!

 - გასულ კვირას პრეზიდენტმა ერდოღანმა საპირისპირო განაცხადა - რომ რუსეთი კონფლიქტის მხარე იყო - საქართველოშიც, უკრაინაშიც, სირიაშიც და მთიან ყარაბაღშიც.

 - ერდოღანს ხელს აძლევს სომხეთის დახმარებაში მძლავრი რუსეთის დადანაშაულება, რათა შემდეგ როგორღაც აუხსნას აზერბაიჯანელ ხალხს - რატომ აღმოჩნდა უშედეგო მათი ძალისხმევა ბოლო 22 წლის განმავლობაში და რატომ თვითონ არ დაეხმარა აზერბაიჯანს, როგორც ჰპირდებოდა. რადგან თუკი შუამავალი რომელიმე მხარეს ეხმარება, ის უკვე შუამავალი აღარ არის, საფრანგეთისა და აშშ-ის დადანაშაულება სომხეთის პირდაპირ ხელშეწყობაში კი ერდოღანს არ შეუძლია, ამიტომ საუკეთესო გამოსავალი - რუსეთის დადანაშაულებაა! ამ აღვირახსნილი ბრალდებებისა არავის სჯერა, მათ შორის - არც საფრანგეთსა და აშშ-ს: წარმოგიდგენიათ, რა წიოკს ატეხდა ერდოღანი, ყარაბაღის თავდაცვის არმიის დახმარებაში რუსეთის რეგულარული არმიის ან, თუნდაც, ერთი რუსი ჯარისკაცის მონაწილეობის ფაქტი რომ ჰქონდეს ხელთ?!

 მეტსაც გეტყვით, ყარაბაღელების შეიარაღება მოძველებული აღმოჩნდა - გასული საუკუნის 80-იანი წლების საბჭოთა წარმოების, აზერბაიჯანის შეიარაღება კი - თანამედროვე რუსული, და ამასთან დაკავშირებით სომხეთის პრეზიდენტმა უკმაყოფილებაც კი გამოთქვა. ასე რომ, განაწყენებული მხოლოდ აზერბაიჯანი არ გახლავთ - სომხეთიც ნაწყენია, რომ რუსეთმა, ისევე, როგორც ბელარუსმა, მხარი არ დაუჭირეს მას - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ევრაზიულ კავშირში მათ მოკავშირეს! მაგრამ მთიანი ყარაბაღი სომხეთის რესპუბლიკის სუბიექტად აღიარებული არ არის (თუმცა, არც დამოუკიდებელ სუბიექტად უღიარებიათ).

 კიდევ ერთხელ გავიმეორებ - რუსეთმა არცთუ დიდი ხნის წინ ემოციებზე უარი თქვა და მკაცრად პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც მიმართულია არა სომხურ, აზერბაიჯანულ ან ქართულ, არამედ რუსულ ინტერესებზე. რუსეთი არ ჩაერია კონფლიქტში სომხეთის მხარეს, რისთვისაც “მადლიერმა” თურქეთმა, აზერბაიჯანელების ეშმაკურად გამოყენებით, რუსეთთან ურთიერთობის დათბობას მიაღწია - 10 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა “პოზიტიური ძვრების შესახებ რუსეთთან ურთიერთობაში, რომელსაც უნდა ახსოვდეს, რომ თურქეთი - ნატო-ს ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს მხარი არ დაუჭირა”. თურქეთის ეკონომიკა ტურიზმს ეყრდნობა, ტურისტებით მთავარი მომმარაგებელი კი რუსეთია. თავის მხრივ, თურქეთი რუსეთისთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და საშენი მასალების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია, თურქული სამშენებლო კომპანიები რუსეთში უამრავ მსხვილ ობიექტს აშენებენ, ამიტომ დაღუპული რუსი მფრინავის და სპეცრაზმელის ანდა ყარაბაღში დაღუპული სომხების გამო ამ კავშირებს საბოლოოდ არავინ გაწყვეტს. ეს ომია, ომში კი, ჩვეულებრივ, ადამიანები იღუპებიან.

 ეს გაკვეთილია სომხეთისთვის. რუსეთის ფედერაციას ხელს აძლევს მთიან ყარაბაღში არსებული სტატუს კვო, ანუ “ცუდი მშვიდობა, რომელიც კარგ ომს სჯობია”, და ის ამ სტატუსის შენარჩუნებას ეცდება.

 რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს, რომ მსოფლიოში გარკვეული სიტუაციის წარმოშობისას (ახლო აღმოსავლეთის პრობლემების, ევროპის კოლექტიური უსაფრთხოების, ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების, ბირთვული, ნარკოტრაფიკის, ტერორიზმის საფრთხეების წინააღმდეგ სახელმწიფოთა პარტნიორობის პერსპექტივების კონტექსტში) რუსეთი ამ სტატუს კვოს სასწორზე დადებს, როგორც მსოფლიოს ახალი მოწყობის ბევრად უფრო გლობალური, მე ვიტყოდი - კონცეპტუალური პრობლემების გადაწყვეტის დანაწონს, და ყარაბაღის კონფლიქტი სხვა პრობლემებთან კომპლექსში გადაიჭრება.

 რაც შეეხება დიმიტრი ანატოლის ძის 7-8 აპრილის მისიას, რომლის შესახებაც მკითხეთ, თუკი კლინტონის მცდელობა გავიხსენე, უსამართლობა იქნებოდა, არ მეთქვა, რომ 2011 წლის მარტში მედვედევმაც თითქმის მოახერხა, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება დაეწყო - როდესაც სოჭში პრეზიდენტებთან სარგსიანთან და ალიევთან ერთობლივი შეხვედრა მოაწყო. იმ შეხვედრაზე სოჭში კონფლიქტის მხარეები შეთანხმდნენ, ტყვეების გაცვლის მიმართულებით ემუშავათ და საკითხები მშვიდობიანი გზებით გადაეჭრათ. ეს, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებაში გარღვევა არ ყოფილა, მაგრამ ტყვეთა გაცვლის პროცედურის განხილვა უკვე ურთიერთნდობის ზომების განმტკიცების კატეგორიაში ხვდება, ასე არ არის?! დღეს ტყვეების გაცვლაზე მოილაპარაკეს, ხვალ - ჯარების შეხების ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის აღსაკვეთ პრევენციულ ზომებზე, იქ კი, ვინ იცის, თანდათან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, ლტოლვილების დაბრუნების საკითხამდე, დემილიტარიზაციამდე და მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსამდეც მისულიყვნენ.

 - რამ შეუშალა მაშინ ხელი ამ წარმატების გავრცობას და პროცესის გაგრძელებას?

 - ამბიციებმა და შიდაპოლიტიკურმა შუღლმა. როგორც 2011 წლის 12 მარტს აზერბაიჯანის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ინტერვიუში განვაცხადე, კონფლიქტიდან გამოსვლისას მთავარია, შეინარჩუნო არა ამბიციები, რომლებიც ჩვენ, კავკასიის ხალხებს, მოჭარბებული გვაქვს, არამედ ურთიერთობის პროცესი. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ალიევსაც და სარგსიანსაც ქვეყნის შიგნით მძლავრი რადიკალური ოპოზიცია ჰყავთ, რომელიც მათ ამ საკითხში არავითარ კომპრომისს არ აპატიებს!.. “მდინარეში თუ არ შეხვედი, როგორ გადაცურავ?” - ჰოდა, ოფიციალურ ერევანსა და ბაქოს შორის დიალოგი, რომელიც შეიძლებოდა, გაგრძელებულიყო, მაგრამ არ გაგრძელდა, სწორედ “მდინარეში შესვლა” იყო. დარწმუნებული ვარ - ახლა რადიკალური ოპოზიცია აზერბაიჯანში, ვაჰაბიტურ ძალებზე დაყრდნობით, პრეზიდენტ ალიევს ულტიმატუმს წამოუყენებს - ან შეცდომებს გაითვალისწინებს და ყარაბაღს დაიბრუნებს, ან ისინი ხელისუფლებას დაამხობენ და ამას თვითონ გააკეთებენ.

 - სომხეთისთვის გაკვეთილიო, ახსენეთ. აზერბაიჯანმა რა “ყარაბაღის გაკვეთილი” გამოიტანა, თქვენ მიერ ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა?

 - აზერბაიჯანელები მიხვდნენ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში გულხელდაკრეფილი არც სომხები მსხდარან და მათაც გაზარდეს თავისი სავსებით ბრძოლისუნარიანი არმიების რიცხოვნობა, განსაკუთრებით - ყარაბაღისა, რომლის ბრძოლისუნარიანობას, ალბათ, ბაქოც კი არ უარყოფს. დიახ, ჰაერში უპირატესობის გარეშე ომს ვერ მოიგებ - აზერბაიჯანს საფრონტო ავიაცია ჰყავს, ანუ ჰაერში უპირატესობას ფლობს, მაგრამ სომხეთმა, რომელსაც სიმეტრიული პასუხის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ასიმეტრიულად უპასუხა და მაქსიმალურად გააძლიერა თავისი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა და არტილერია ჰაერში აზერბაიჯანის ბატონობის საპირწონედ.

 მეორეც, არ უნდა დავივიწყოთ საზღვარგარეთ სომხური დიასპორა - ომის შემთხვევაში იქ რეალურად შეიძლება ჩავიდეს 5-6 ბატალიონი აშშ-დან, სერბეთიდანაც ბევრია მზად წამოსასვლელად, თუმცა ახლა ეს არც კი დასჭირვებიათ. თავისი როლი შეასრულა მთიანი ლანდშაფტის ფაქტორმაც - ვაკეზე ახალშეძენილი ტექნიკა წინ მიიწევდა, მაგრამ როგორც კი მთებს მიადგა, აზერბაიჯანის არმიას სირთულეები დაეწყო. შედეგად - დაბომბვა, საარტილერიო და ნაღმმტყორცნების ცეცხლი, ორივე მხარეს კუბოები...

 - და რა გაკვეთილი გამოიტანა მომხდარიდან მესამე სამხრეთკავკასიურმა ქვეყანამ - საქართველომ? ისევ თქვენი პუბლიკაციიდან მოვიშველიებ ფრაგმენტს, რომლითაც დღევანდელი საუბარი დავიწყეთ და რომელშიც არ გამორიცხავთ, რომ გაზის გარეშე დარჩენილი საქართველო კონფლიქტში აღმოჩნდება ჩათრეული, რადგან გაზისა და ნავთობის მილსადენები, რომლებიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თითქმის გვერდიგვერდით გადის, შესაძლოა, პირდაპირი მოხვედრებით ააფეთქონ: “საქართველოს შიგნით სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთს იძულებულს გახდიან, სომხებს გამოესარჩლოს – ყარაბაღშიც და საქართველოშიც, რაც საქართველოს საბოლოო დაშლით დამთავრდება: აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ნაცვლად ქვემო ქართლს მისცემენ, სომხეთი კი სამცხე–ჯავახეთს მიიღებს. საქართველოს გავლით გაიხსნება რკინიგზა რუსეთი–აფხაზეთი–სომხეთი გიუმრიში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის უწყვეტი მომარაგებისთვის, რომელსაც მთელ გაყოლებაზე რუსი სამხედროები ნატო-სგან დაიცავენ. გაიხსნება, აგრეთვე, საავტომობილო ტრასა ჩრდილოეთ კავკასია–საქართველო–სომხეთი, რომელსაც ისლამური სახელმწიფოსგან ასევე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დაიცავენ. რუსეთის არმია საკუთარ თავზე აიღებს ვლადიკავკაზი–თბილისი–ერევანის გაზსადენის დაცვასაც. მაგრამ თუ ისლამური სახელმწიფო, ყარაბაღში არსებული ვითარების გამოყენებით, საქართველოში პანკისის ხეობის მცხოვრებლებისა და აზერბაიჯანელებისგან დაკომპლექტებულ რაზმებს გამოაგზავნის, მაშინ რუსეთი და აშშ ერთდროულად დაიწყებენ საქართველოში ანტიტერორისტულ ოპერაციას ავიაციის გამოყენებით, როგორც სირიაში. ეს ყველაფერი მასობრივ ნგრევასა და მოსახლეობას შორის მსხვერპლს გამოიწვევს. ასეთი იქნება უკანასკნელი კავკასიური ომის შედეგები”, - წერთ თქვენ.

 ერთი შეხედვით, აპოკალიფსური სურათია, მაგრამ აქაც, როგორც შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მოწოდებაში შესაძლო შეფერხებების შემთხვევაში, მართალი აღმოჩნდით: 6 აპრილს, თქვენი ამ პუბლიკაციიდან მეორე დღეს, მედიასაშუალებებმა გვამცნეს, რომ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” აზერბაიჯანელებისგან შემდგარმა რაზმმა 50-დან 70-მდე ბოევიკის შემადგენლობით სირიის ქალაქი რაკა დატოვა და თურქეთის გავლით აზერბაიჯანში დაბრუნდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.

 - დიახ, ჩემი სცენარი მოვლენების მაქსიმალურად უარეს განვითარებას ითვალისწინებს, მაგრამ ეს - სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ჯობს, პრევენციის მიზნით გადააჭარბო. განა ეს არ არის ექსპერტების - პოლიტოლოგების, პუბლიცისტებისა და ჟურნალისტების მოვალეობა?! პოლიტიკოსთა პირიდან ხომ ასეთი რამ შესაძლოა, აღქმული იქნეს, როგორც პანიკური განწყობის პროვოცირება.

 ყარაბაღში კონფლიქტის შედეგად საქართველოსა და უკრაინაში ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი ძალების - თურქეთის დაზვერვის აგენტების, სააკაშვილის დროინდელ სპეცსამსახურთა საიდუმლო თანამშრომლების და სააკაშვილის ექს-მმართველი პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ლუსტრაცია მოხდა. ზოგჯერ ეს ერთ სახეში თავსდება, ზოგჯერ კი ისინი მოქმედ სახელისუფლებო სტრუქტურებში და მმართველ კოალიცია “ქართულ ოცნებაშიც” კი ახერხებდნენ შეღწევას! გაჭიანურებული კონფლიქტის იმედით, ანკარიდან და ოდესიდან მიღებული ინსტრუქციების თანახმად, ისინი ღიად მოუწოდებდნენ აზერბაიჯანული წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეებს, ხელში იარაღი აეღოთ და ყარაბაღში წასულიყვნენ - სომხების დასახოცად! ძნელი მისახვედრი არ არის, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ მოწოდებებმა მრავალეროვან საქართველოში, რომლის მოსახლეობის თითქმის მესამედი, დაახლოებით 700 ათასი, სომხები და აზერბაიჯანელები არიან... სხვათაშორის, მოწოდებებს საქართველოს სომხების მისამართით - იარაღი აეღოთ ხელში და ყარაბაღში წასულიყვნენ აზერბაიჯანელების დასახოცად - რაღაც ვერ ვიხსენებ, ასეთი, უბრალოდ, არ ყოფილა...

 საბედნიეროდ, ნაციონალები, სხვადასხვა სპეცსამსახურის ზემოხსენებული საიდუმლო თანამშრომლები და აზერბაიჯანელ-თურქი ფსევდო ლიდერები ხალხში არანაირი გავლენით არ სარგებლობენ. მათ თანამემამულეებს შორის, საკუთარ დიასპორებშიც კი არა აქვთ გავლენა, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და განვაცხადო, რომ გასულ კვირას, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედებენ სხვადასხვა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, მათ შორის, მეზობელი ქვეყნების (ვციტირებ ვახტანგ გომელაურს): “რუსული პროპაგანდის ფონი მომატებულია, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია. ეს ყოველი საარჩევნო პერიოდის დროს იმატებს ხოლმე. არამარტო რუსული ძალები, სხვა ქვეყნის ბევრი სპეცსამსახურიც შემოსულია საქართველოში. ურთულეს სამუშაოს ატარებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. ხაზს ვუსვამ - არამარტო რუსული ფონია აწეული და არამარტო რუსული სპეცსამსახურები, არამედ ჩვენი სხვა მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებიცაა შემოსული ქვეყანაში”.

 სუს-ის დირექტორის მოადგილემ ლევან იზორიამ კი დაამატა, რომ მათ ძირგამომთხრელ საქმიანობას აკვირდებიან, თვალს ადევნებენ და, აუცილებლობის შემთხვევაში, აღკვეთენ.

 მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ეს ასეა, და ვისურვო, რომ საქართველოს მოქალაქეებისადმი მოწოდებებისთვის - მონაწილეობა მიეღოთ საბრძოლო მოქმედებებში სხვა სახელმწიფოების, ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - კანონის მთელი სიმკაცრით დასჯიან, როგორც იმ გადამბირებლებს, რომლებიც პანკისელებს სირიაში საომრად აგზავნიდნენ.

 უმთავრესი გაკვეთილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარიდან უნდა გამოიტანოს - თუ ის საქართველოში “ნაცმოძრაობისა” და სააკაშვილის დაბრუნებას დაუშვებს, საქართველო უცილობლად აღმოჩნდება ჩათრეული კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეს და სააკაშვილი მის მიერვე დაწყებულ საქმეს - ქართული სახელმწიფოს საბოლოო დაქუცმაცებას - დაასრულებს! არ დაგვავიწყდეს, რომ 5 აპრილს, როდესაც ყარაბაღში ჯერ კიდევ ისმოდა აფეთქებების ხმა, ბათუმის საზღვაო პორტში შემოვიდა თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფრეგატი “TCG YAVUZ”, რომლის ბორტზე მაშინვე აცუხცუხდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამალით, ხოლო მეორე დღეს ოდესის საზღვაო პორტში შევიდა თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფლოტილია კორვეტ “TCG Bartin”-ის და თურქეთის სამხედრო ფლოტის ფლაგმანის, ფრეგატ “TCG Salihreis”-ის მეთაურობით, რომლის ბორტს უკრაინის პრეზიდენტი კი არა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეწვია! ის იქ თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ფლოტის სარდალს, ვიცე-ადმირალ ისქენდერ ილდირიმს შეხვდა, რომელმაც გემზე მაღალი სტუმრის პატივსაცემად სადილი გამართა. მომდევნო დღეს კი თურქეთის სამხედრო ფლოტილია უკრაინის ფლოტის ფლაგმანთან, ფრეგატ “გეტმან საგაიდაჩნისთან” ერთად ზღვაში გავიდა - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ ერთობლივი მანევრების დასამუშავებლად...

წყარო: ИА REX
2016 წლის 9 აპრილი
თბილისი - მოსკოვი