უცხოეთი
სამხრეთ ოსეთში მინისტრი ცხოვრებოვი პროტესტის ნიშნად გადადგა

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთში საგარეო საქმეთა მინისტრი აზბულატ ცხოვრებოვი გადადგა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, „ცხოვრებოვმა თანამდებობა რესპუბლიკის ლიდერ ლეონიდ თიბილოვთან სამხრეთ ოსეთის საგარეო პოლიტიკის საკითხში აზრთა პრინციპული სხვადასხვაობის გამო დატოვა“.

თიბილოვის პრესსამსახურს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ყაზბულატ ცხოვრებოვი საგარეო საქმეთა მინისტრად 2015 წელს დაინიშნა. მანამდე ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

რამდენიმე დღის წინ ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს რეფერენდუმი ჩატარდება, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების საშუალებას მისცემს. შესაძლოა, ცხოვრებოვის გადადგომის მიზეზი სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდეს.