პუბლიკაციები
ჭყოიძე NDI-ს კვლევებს არ ენდობა

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. NDI-ის ბოლო კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას "ნატო" უზრუნველჰყოფს, ასევე გაზრდილია ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვიც. რაც შეეხება რუსეთს და ევრაზიულ კავშირს, გამოკითხულთა დიდი ნაწილი (47%) მთავარ საფრთხედ სწორედ ჩრდილოელ მეზობელს აღიქვამს და გამოიკითხულთა მხოლოდ 1%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ევრაზიული კავშირი უზრუნველჰყოფს. "პირველი რადიო" შეფასებისთვის არჩილ ჭყოიძეს დაუკავშირდა, რომლის განცხადებითაც ის უკვე რამდენიმე თვე აღარაა ევრაზიული კავშირის თავმჯდომარე. რაც შეეხება გამოკითხვის შედეგს, ჭყოიძე ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველთა დიდი რაოდენობა ბუნებრივიცაა, რადგან მიმდინარეობს აქტიური პროპაგანდა, თუმცა მისივე თქმით, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მომხრეა:

 "მე დიდი ხანია უკვე, რამოდენიმე თვეა აღარა ვარ ევრაზიული არჩევანის თავმჯდომარე, მაგრამ გეტყვით, რომ რა თქმა უნდა მე ამ კვლევებს თავიდან ბოლომდე ვერ ვენდობი, არა მარტო მე, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ კვლევებს არ ენდობა, ხშირად არის შეცდომებიც. რაც შეეხება იმას, რომ დიდი ნაწილი რა თქმა უნდა შეიძლება უჭერდეს მხარს ნატოში გაწევრიანებას, ამაში გასაკვირი არაფერია. მიმდინარეობს ძალიან სერიოზული პროპაგანდა და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა, ის პროცენტი უჭერს თუ არა მხარს რელაურად, რაზეც საუბრობენ NDI-ს კვლევებში, ნამდვილად ვერ გეტყვით. მე ვფიქრობ და ჩემი მოსაზრებაა, რომ ვინაიდან ხშირად მიწევს სიარული რეგიონებში, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სურს, რომ არც ერთ სამხედრო ბლოკში არ იყოს გაწევრიანებული და არც ერთი უცხო ქვეყნის ჯარისკაცი არ იდგეს საქართველოს ტერიტორიაზე. მათ შორის არც რუსეთის, არც თურქეთის, არც ნატოს შეიარაღებული ძალების. რეგიონებში რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მომხრე არის 90%. ისინი თვლიან, რომ თუ არ დარეგულირდა სიტუაცია რუსეთთან რა თქმა უნდა რუსეთინდა შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტი საფრთხეები, ვიდრე ეს ჩვენ განვიცადეთ 2008 წელს",- განაცხადა არჩილ ჭყოიძემ "პირველ რადიოსთან" საუბარში.