საზოგადოება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბაქოში ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი მოინახულა

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. 6-9 აპრილს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი  ბაქოში გამართულ მე-15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "AITF 2016" წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოს სტენდი აზერბაიჯანში ქვეყნის პრეზიდენტმა  ილჰამ ალიევმა მეუღლესთან ერთად მოინახულა.

 აჭარის სტენდზე მისულ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის შესახებ მომზადებულ მრავალფეროვან სარეკლამო მასალებს გასცნობოდნენ  და ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში არსებული ტურისტული პროდუქტების შესახებ.

 ბაქოს გამოფენაზე "AITF 2016" 42 ქვეყნის 300-ზე მეტი ტურისტული კომპანია იყო  წარმოდგენილი. გამოფენის ვიზიტორებს ექსკლუზიურ შემოთავაზებებს ტურისტული ორგანიზაციები, სასტუმრო სექტორი, სანატორიუმები, გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრები, სპორტული და ეკოლოგიური ტურისტული ობიექტები წარუდგენდნენ.  

 აზერბაიჯანი ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. ტურიზმის დეპარტამენტი აზერბაიჯანში გარდა გამოფენაში მონაწილეობისა,  10 აპრილიდან 31 მაისამდე სარეკლამო კამპანიას ახორციელებს. კამპანია მოიცავს როგორც გარე რეკლამას, ეკრანებზე სარეკლამო რგოლების გაშვებას ბაქოს ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე ქალაქის მუნიციპალური ავტობუსების ბრენდირებას აჭარა-ბათუმის სარეკლამო აფიშებით.

 პიარ და მარკეტინგული აქტივოებები ასევე მოიცავს ინტერნეტ რეკლამას, პრესს და ინფო ტურიების ორგანიზებას, აზერბაიჯანში 2 დიდ სავაჭრო ცენტრში პრომოაქციების მოწყობასა და ყველაზე რეიტიგნულ რადიოში „მედია FM”  რეკლამის გაშვებას.