საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 42%–ს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა, 10%–ს აზრით – გაუმჯობესდა

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობის – 39%-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 36% კი მიიჩნევს, რომ საერთოდ არ ვითარდება.

 გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა ან არ შეცვლილა (47%), მხოლოდ 10% მიიჩნევს, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

 მოსახლეობის უმრავლესობა (86 პროცენტი) კარგად არის ინფორმირებული დეკემბერში ევროკომისიის მიერ გამოცემულ პოზიტიურ შეფასებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას უკავშირდებოდა. მოქალაქეების უმრავლესობა (84 პროცენტი) მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას და სჯერა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათთვის სასარგებლო იქნება (72 პროცენტი). მთლიანობაში, მოსახლეობის აზრით, საქართველოს საგარეო კურსი პროდასავლური უნდა იყოს“, - აღნიშნულია კვლევაში.

 საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

 NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.