საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კიდევ ერთ კვლევას აქვეყნებს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი გამოკითხული მოსახლეობის მიერ დასახელებული მთავარი პრობლემებია.
მოქალაქეებს განსაკუთრებით აწუხებთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. გამოკითხულთა უმეტესობა – 57 პროცენტი ყველაზე აქტუალურად კვლავ სამუშაო ადგილებს ასახელებს. მნიშვნელოვანი პრობლემების ჩამონათვალში მომდევნო ადგილებზეა ინფლაცია - 35% და სიღარიბე - 30%. ტერიტორიულ მთლიანობას მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემად გამოკითხულთა 26 პროცენტი ასახელებს.
გამოკითხულთა 55 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ვითარება გაუარესდა, ფასების ზრდასა და ინფლაციის გაუარესებას აღნიშნავს გამოკითხულთა 92 პროცენტი, სიღარიბესთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუარესებაზე კი გამოკითხულთა 70% საუბრობს.
საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3.900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ს კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.