საზოგადოება
ვაკეში არსებული ბინა, რომელსაც ლევან გაჩეჩილაძეს ედავებიან, მის სიდედრს ეკუთვნის

LevanGachechiladzeგავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც “ტაოპრივატბანკსა” და "ქართული პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს - ლევან გაჩეჩილაძეს შორის არსებული ვალის გამო მიმდინარე სასამართლო დავას ეხება, „ქართული პარტიის“ პრესსამსახურმა კომენტარი გააკეთა: "ვაკეში არსებული ბინა, რომელსაც გაჩეჩილაძეების ოჯახს ედავებიან, ლევან გაჩეჩილაძის სიდედრს - მანველიტა თავართქილაძეს ეკუთვნის და არა ბატონ ლევანს". მათივე ინფორმაციით, სადავო სახლი საგურამოში გაჩეჩილაძის მეუღლე ნინო მიქელაძეზეა გაფორმებული.

საცხოვრებელი ბინიდან გაჩეჩილაძის ოჯახის გამოსახლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე მიიღო, თუმცა რამდენად მოახერხებს ასეთ პირობებში გადაწყვეტილების აღსრულებას, გაურკვეველია.

ამავე დროს საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკურმა მოძრაობამ “თავისუფალი საქართველო” გაავრცელა სპეციალური რელიზი 2005–2009 წლებში გაჩეჩილაძეების ოჯახის მიერ აღებული სასესხო ვალდებულებების შესახებ იმ მოტივით, რათა დაედასტურებინა ყველა იმ ბრალდების აბსურდულობა, რომლებიც ბოლო ხანს ლევან გაჩეჩილაძეს წაუყენეს. ამავე რელიზში ნათქვამია, რომ კახა კუკავა საჭიროდ მიიჩნევს, საზოგადოებას გააცნოს მის ხელთ არსებული ზოგიერთი ინფორმაცია, რომელიც მისთვის, როგორც იურისტისთვის, ცნობილი გახდა გაჩეჩილაძეების ოჯახისთვის სხვადასხვა დროს გაწეული იურიდიული კონსულტაციების შედეგად, კერძოდ, კი:

  1. შვედეთის მოქალაქე ფრედერიკ პოლსენისგან 2007 წელს, ძირითადი თანხა 2.000.000 აშშ დოლარი. ეს სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით – ქ. თბილისი, ქობულეთის ქუჩა №24; მესაკუთრე მანველიტა თავართქილაძე (გაჩეჩილაძის სიდედრი). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) 2.390.000 აშშ დოლარს;
  2. სს „ტაო პრივატ ბანკისგან“ 2009 წლის 12 იანვარს, ძირითადი თანხა 160.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - ქ. თბილისი, ბარნოვის ქუჩა № 144, ბ. № 51;   მესაკუთრე: მანველიტა თავართქილაძე (ლევან გაჩეჩილაძის სიდედრი). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) 203.431,78 აშშ დოლარს (საქმეზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს, ხოლო შემდგომში უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოხდება გაჩეჩილაძეების კუთვნილი უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია);
  3. „თი ბი სი ბანკისგან“ 2005 წელს, ძირითადი თანხა 300.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - საგურამო, გმირების უბანი. მესაკუთრე: მანველიტა თავართქილაძე (ლევან გაჩეჩილაძის სიდედრი), ნინო მიქელაძე (ლევან გაჩეჩილაძის მეუღლე). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) 499.000 აშშ დოლარს;
  4. „თი ბი სი ბანკისგან“ 2005 წელს, ძირითადი თანხა 200.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - საგურამო, გმირების უბანი; მესაკუთრე: ნინო ძიძავა (გია გაჩეჩილაძის მეუღლე).

P. S. თუ ზემოთ აღნიშნული ცნობა სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ისღა დაგვრჩენია, გაჩეჩილაძეს თანავუგრძნოთ ვერაფერიშვილი იურისტ-კონსულტანტი კახა კუკავას გამო...