საზოგადოება
2011 წელს ჯაშუშობაში მსჯავრდებულები - გია გორელაშვილი, დავით ლონდარიძე და სერგეი ჩაპლიგინი თბილისის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა 2011 წლის გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებლით შეცვლის შესახებ და სერგო თეთრაძესთან ერთად დაკავებული დავით ლონდარიძე, გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი უდანაშაულოდ სცნო. შესაბამისად, 2011 წლის ძველი განაჩენი, რომლითაც მათ ჯაშუშობაში მსჯავრი დაედოთ, გაუქმდა.

 გორელაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მათ საქმეში მონაწილე პროკურორები და მოსამართლეები არ არიან დასჯილი, რადგან მხოლოდ ბაჩო ახალაიას, ასევე სამხედრო პოლიციისა და გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომლების პასუხისგებაში მიცემა არ არის საკმარისი.

 „ეს განაჩენი მტკიცებულებაა იმისი, რომ ეს ყველაფერი იყო უკანონო. წამება როგორ შეიძება კანონიერი იყოს? ალბათ დადგება იმათი საკითხი, ვინც კი მონაწილეობა მიიღო ამ ჩვენს საქმეში“, - აცხადებს გია გორელაშვილი.

 „დადასტურდა, რომ ჩაპლიგინის, გორელაშვილის, თეთრაძის, ლონდარიძის ე.წ. ჯაშუშური ქსელის საქმე იყო შეკერილი... ეს სანიმუშო მაგალითია იმისა, თუ ეს სამართალი როგორ იყო გამოყენებული პოლიტიკის სამსახურში“, - აღნიშნა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.