საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„სექსუალური შევიწროება არის გენდერული დანაშაული - მის მსხვერპლთა უმრავლესობას ქალები, ხოლო დამნაშავეებს მამაკაცები წარმოადგენენ. სამუშაო ადგილას ქალთა სექსუალური შევიწროება განსაკუთრებით პრობლემურია, ვინაიდან ქალები, არსებული გენდერული და სამსახურებრივი იერარქიების გამო, ორმაგი ზეწოლის ქვეშ შეიძლება მოექცნენ. ვინაიდან სექსუალური შევიწროების ჩამდენთათვის კანონმდებლობა სასჯელს არ ითვალისწინებს და, ამასთანავე, ამგვარ შევიწროებაზე საუბარი მსხვერპლისთვის უკავშირდება სტიგმას, დამნაშავეები - სრულებით დაუსჯელი, ხოლო ამგვარი ქმედებები გამოვლენის გარეშე რჩება.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტს, უსწრაფეს ვადებში მოახდინოს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება და კონვენციის მოთხოვნების თანახმად, სექსუალური შევიწროება გახადოს დასჯადი ქმედება. ამგვარი მუხლის ძალაში შესვლამდე სასამართლომ მიიჩნიოს სექსუალური შევიწროება, როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმა“.