საზოგადოება
უკიდურესად ღატაკი შვიდშვილიანი ოჯახი სოციალურ დახმარებას ვერ იღებს

daucveli„კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ცნობით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლაფნიანში მაკიევების შვიდშვილიანი ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და, მიუხედავად ამისა, სოციალურ დახმარებას ვერ იღებს. 4 ბავშვი სასკოლო ასაკისაა, მაგრამ არეშფერანის საჯარო სკოლაში მოსწავლედ მხოლოდ ორი ირიცხება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორმა თამაზ კაპანაძემ განაცხადა, სკოლის დირექციამ არაერთხელ სთხოვა მაკიევებს, ბავშვები სკოლაში მიეყვანათ. „მამა მწყემსად მუშაობს, დედა კიდევ ბავშვებს ყურადღებას არ აქცევს. ტანსაცმელიც მივეცით და წიგნებიც, მაგრამ გადაყარეს“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა. სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, მაკიევების ოჯახი სოციალურ დახმარებას 2010 წელს ექვსი თვის განმავლობაში იღებდა და ივნისში, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების არ ქონის გამო, შეუწყდათ. ბავშვებზე მეურვეობა მზრუნველობის მიმართულებით სააგენტოს არასდროს უმუშავია. სოციალური აგენტები ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მშობლებს ბავშვებზე მზრუნველობის დაწესების თხოვნით სააგენტოსთვის არ მიუმართავთ.