პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთგზის გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ, თითქოს, პროკურატურის მიერ დაკავებული კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი ჩართული იყო გარდაბნის გამგებლის 2016 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

 „ქართული ოცნება“ ცალსახად აცხადებს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას არავითარი კავშირი არა აქვს სინამდვილესთან. გარდაბნის არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო შტაბის მუშაობას წარმართავდა პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ხოლო ადგილობრივ შტაბს ხელმძღვანელობდა ვანო მირიანაშვილი. ვაჟა ლელუაშვილი არავითარი ფორმით(!) არ ყოფილა ჩართული გარდაბნის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

 „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს, დაიცვან პოლიტიკური ეთიკის სტანდარტები და ნებსით თუ უნებლიეთ არ შეუწყონ ხელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“.