საზოგადოება
თიანელები წყალზე მრიცხველების დაყენებას აპროტესტებენ

 საქართველო, 8 აპრილს, საქინფორმი.  მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობა და თიანელებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს, – ამის შესახებ “მემარცხენე ალიანსის” თიანეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი არჩემაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

 “თიანელებს ხელისუფლების გულგრილობის გამო წლების განმავლობაში აწუხებთ წყლის მიწოდების პრობლემა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ კი მოსახლეობას პრობლემის გადაჭრის ნაცვლად წყლის მრიცხველების დაყენება შესთავაზა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. თიანელები ვაცხადებთ, რომ კომპანიას, რომლის 100%-ის მფლობელიც სახელმწიფოა, სასმელ წყალზე მრიცხველებს არ დავაყენებინებთ.

 ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის პრობლემებისადმი მსგავსი მიდგომა არის უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე მყოფი ადამიანების მიმართ ჩადენილი დანაშაული”, - განაცხადა გიორგი არჩემაშვილმა.