საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. “მემარცხენე ალიანსის” გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა გამართულ ბრიფინგზე პარლამენტისგან კატეგორიულად მოითხოვა, არჩევნების ჩატარებამდე ძალაში შეიყვანოს საკანონმდებლო ღონისძიებები, რაც გულისხმობს ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ ვაჭრობის სისხლის სამართლებრივად დასჯას.
“საქართველოსთვის კვლავ მძიმე პრობლემად რჩება ნარკომანია. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ ნარკომანიის ლეგალიზაციას, რასაც ემატება ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის არსებობა, რომლის დაუყოვნებელი აღკვეთა მოითხოვა “მემარცხენე ალიანსმა” ხელისუფლებისგან.
სამწუხაროდ, საკითხის გადაწყვეტა ჭიანურდება, საფრთხეშია საქართველოს მომავალი! მოვითხოვთ: საკითხზე მომუშავე ჯგუფში ჩართულ იქნეს “მემარცხენე ალიანსის” ექსპერტი სამედიცინო საკითხებში, ხოლო პარლამენტისგან კატეგორიულად მოვითხოვთ: საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცოს და არჩევნების ჩატარებამდე ძალაში შეიყვანოს საკანონმდებლო ღონისძიებები“, - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.