პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარეს ლიუ იანზონგს შეხვდა

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. მხარეებმა განიხილეს „აბრეშუმის გზის“ რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისა და რეგიონულ პროექტებში საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის, აქტიურად ჩართვის პერსპექტივები. გამოითქვა იმედი, რომ აბრეშუმის გზის აღდგენით საქართველო დაიბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას – იყოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო–ჩინეთის ურთიერთობის ძირითად საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის წარმომადგენლებს წარუდგინა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი აბრეშუმის გზის საკითხებში, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი დაესწრო.