აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინათ ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-ის გადაცემა "ბიზნეს კურიერში" საუბარი იყო იმაზე, რომ სვანეთში მშენებლების შეცდომის "წყალობით" ზამთრის პირველი ტურისტული სეზონის გახსნა შეიძლება ახალ წლამდე ვერ მოესწროს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სვანეთში კონტრაქტორებმა საბაგირო გზის ბოძები "შებრუნებულად" დაამონტაჟეს. "ამის გამო სიმძიმის ცენტრი ჰაერში მოექცა", განაცხადა გადაცემის წამყვანმა აკაკი გოგიჩაიშვილმა იტალიურ კომპანია "ლაიტნერზე" დაყრდნობით. კომპანია "ლაიტნერი" სვანეთში საბაგირო გზის სამონტაჟო სამუშაოებს ასრულებს.
პრეზიდენტის რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზაზა გოროზიამ ''რუსთავი 2''-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის პრობლემა სრულად არის აღმოფხვრილი და საბაგირო გზა მწყობრშია.