პოლიტიკა
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ვიზალიბერალიზაცია არ იძლევა ევროკავშირში დასაქმების უფლებას“ – დიმიტრის ავრამოპოლუსი

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ  ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპოლუსმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 „საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს უმაღლესი შეფასება მიეცა. გასული წლის დეკემბერში გამოცემული ანგარიში დადებითად აფასებდა საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს და იმას, რომ ყველა მოთხოვნა  დაკმაყოფილდა ვიზალიბერალიზაციის პროცესში.

 ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს წინადადებას და ეს მოხდება ძალზე მოკლე ვადებში. როგორც კი გადაწყვეტილება იქნება დამტკიცებული, საქართველოს მოქალაქეებს, ბიომეტრიული პასპორტებით, აღარ ექნებათ საჭიროება, წარმოადგინონ ვიზა 90 დღის ვადით ტურისტული, ბიზნეს ან საოჯახო საქმეებზე მოგზაურობის დროს. თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ იძლევა ევროკავშირში დასაქმების  უფლებას, – განაცხადა ევროკომისარმა.

 „ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს განიხილავს ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო, რომლებიც, იმედი გვაქვს, იხელმძღვანელებენ ევროკომისიის შეფასებით და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნება საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოსა და მიღწეული პროგრესის საფუძველზე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.