პოლიტიკა
”მთავრობა ყველა რესპუბლიკელმა უნდა დატოვოს!” – გია ხუხაშვილი

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კოალიცია ”ქართული ოცნებიდან” რესპუბლიკური პარტიის გასვლას პოზიტიურ პროცესად მიიჩნევს.

 ამის შესახებ მან ტელეკომპანია ”იბერიის” ეთერში განაცხადა.

 ”თვითონ კოალიცია იყო არაჯანსაღი წარმონაქმნი. ის თავის დროზე ნეგატიური ნიშნით, ანუ ვიღაცის წინააღმდეგ საბრძოლველად იყო შექმნილი, რაც უშვებდა გარკვეულ ეკლექტიკას ან მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებას. ამ დაპირისპირების ერთადერთი განზომილება არ იყო მხოლოდ რესპუბლიკელების და ”მრწველების” დაპირისპირება, ბევრად მეტი ადამიანი იყო ამ კონფლიქტში ჩართული და ბევრად მწვავე ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, ამ ეკლექტურობის გამო, ხელისუფლება ვერ პაუხობდა ზოგიერთ გამოწვევას და ეს არაეფექტურობის განცდა ამის გამო რჩებოდა საზოგადოებას”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ  მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს რესპუბლიკელების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიციიდან მიდიან, მაგრამ პოსტებზე რჩებიან.

 ”ეს სრული აბსურდია. როგორ წარმოუდგენიათ, რომ პარტია დისტანცირდეს და მისი წარმომადგენლები ხელისუფლებაში ისხდნენ? რა უნდა მოხდეს, დათო უსუფაშვილმა თინა ხიდაშელი უნდა აკრიტიკოს? ეს პოლიტიკასთან კი არა, უკვე ოჯახურ პრობლემებთანაც იქნება უკვე დაკავშირებული. ასე რომ, ეს არასერიოზული განცხადებებია... პარლამენტში კიდევ შესაძლებელია თანამდებობების შენარჩუნება, თუმცა მთავრობა ყველა რესპუბლიკელმა უნდა დატოვოს”, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.