უცხოეთი
შაბათ ღამეს, 2 აპრილს დაწყებული ბრძოლების მიმდინარეობისას მთიან ყარაბაღში დაიღუპა და დაიჭრა ასობით სამხედრო მოსამსახურე და ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის, ბავშვები

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინსიტროები ურთიერთბრალდებების შემცველი განცხადებებით გამოვიდნენ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მკვეთრ გამწვავებასთან დაკავშირებით. „ჩვენი მხრიდან მოკლულია 180 სამხედრო მოსამსახურე, კიდევ 35 კი დაჭრილია“, – განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა სატელევიზიო მიმართვაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ დაკარგა 6 ტანკი, 15 საარტილერიო დანადგარი, ასევე ჰყავს 100 მოკლული და დაჭრილი.

 აზერბაიჯანის მხარემ, ოფიციალური მონაცემებით, დაკარგა 12 სამხედრო მოსამსახურე, ერთი ჩამოგდებული შვეულმფრენი Ми-24 და ერთიც – ნაღმზე აფეთქებული ტანკი.

 რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წუხილი გამოთქვა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია კვლავ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, – განაცხადა მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ პუტინი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და თავშეკავების გამოვლენისკენ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები – რუსეთის, აშშ–სა და საფრანგეთის წარმომადგენლები ასევე გამოვიდნენ განცხადებით ყარაბაღის მოვლენების თაობაზე. „ჩვენ გადაჭრით ვგმობთ ძალის გამოყენებას და წუხილს გამოვთქვამთ უაზრო მსხვერპლთან, მათ შორის სამოქალაქო პირების დაღუპვასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს მხარეებს, შეწყვიტონ ცეცხლი და მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.

 „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ მოლაპარაკების გზით კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ალტერნატივა არ აქვს და რომ არ არსებობს საკითხის სამხედრო გადაწყვეტა“, – დარწმუნებული არიან ეუთო–ში. თურქეთმა და პაკისტანმა კი აზერბაიჯანს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადეს.

 რფ–ის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაუკავშირდა თავის კოლეგებს – სომხეთის თავდაცვის მინისტრ სეირან ოგანიანს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს და მათთან კონფლიქტის ზონაშ სიტუაციის სტაბიზაციისთვის შესაძლო ზომებზე იმსჯელა.