საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. რესპუბლიკელების გადაწყვეტილების და სამომავლო გეგმების შესახებ პარტიის ოფისში ლიდერების მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი (ვიდეო იხ. აქ).
„რესპუბლიკური პარტია დღეიდან გადადის საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმში. ამით ჩვენ ვწყვეტთ დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვას კოალიციურ ფორმატში საარჩევნო სტრუქტურების შექმნაზე და მივმართავთ მას პარტიის საარჩევნო პრიორიტეტებისკენ. ჩვენი გადაწყვეტილება პარტია „ქართულ ოცნებასაც“ აძლევს საშუალებას, ზედმეტი უხერხულობების გარეშე, დაადგეს იმ პოლიტიკურ გზას, რომელიც დასახული აქვს - არჩევნებზე დამოუკიდებლად, კოალიციური საარჩევნო ბლოკის გარეშე გასვლა. ამით ყველა ერთად დავასრულებთ უკიდურესად დამაზარალებელ და მოსაბეზრებელ საჯარო სპეკულაციებს შიდაკოალიციურ საკითხებზე.
მომავალი არჩევნების თაობაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და საკრებულოებში უმრავლესობებიდან რესპუბლიკელების ავტომატურ და დაუყოვნებლივ გასვლას. არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში აღნიშნულ საკითხებს ჩვენ ეტაპობრივად გადავწყვეტთ შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
რესპუბლიკელი მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის შესრულებას. ამავე პერიოდში პარლამენტში ვითარება პირიქით იქნება - ფრაქცია „რესპუბლიკელები“ იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით, გარდა უმრავლესობის ფორმატში წინასწარ შეთანხმებული საკითხებისა“, – განაცხადეს რესპუბლიკელებმა.
საქინფორმი: ამით რესპუბლიკელებმა ფროიდის მიხედვით წამოცდენა გააკეთეს და თავად დაასახელეს კოალიციიდან მათი წასვლის მიზეზები, ესაა: არასაკმარისი ანტირუსული რიტორიკა საქართველოს მთავრობის მხრიდან, მათთვის 5 მინისტრის პორთფელის გადაცემაზე უარი, რომელთაგან 2 – თავდაცვისა და შს მინისტრებისაა, ასევე 10 საპარლამენტო მანდატი და სამი სავარძლიდან ორი: პრემიერ–მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტის.