აქტუალური
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციის შემდეგ “ქართული ოცნება” კოჰაბიტაციას იწყებს „რესპუბლიკურ პარტიასთან – საქინფორმი

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამოუკიდებლად იყრის კენჭს.

 მანამდე პრემიერ–მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილ შეხვდა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერია. შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს.

 „ეს არის მისაღები ფორმა, რომ ქართული ოცნება გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებში. შესაბამისად, გაკეთდა განცხადება რესპუბლიკური პარტიის მხრიდანაც. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე საჭიროა გავაგრძელოთ ჩვეულებრივად მუშაობა მთავრობაში, პარტიული კუთვნილების მიუხედავად. მთავრობის სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის თქმითაც, რესპუბლიკელი მინისტრები პორტფელებს ინარჩუნებენ.

 „ამ კუთხით, დღესდღეობით და არჩევნებამდე, ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ არ უნდა ველოდოთ ცვლილებებს, თუმცა ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ მცდელობის წარმატებაზე, რომ ჩვენ ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელოთ ურთიერთობა პარტიათა შორის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 საქინფორმი: ნუთუ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან კოჰაბიტაციის მწარე გამოცდილებამ ვერაფერი ასწავლა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას?! როგორ შეიძლება „კოჰაბიტირება“ შენს პოლიტიკურ კონკურენტ–ოპონენტთან, იმავდროულად მძლავრი ბერკეტებისა და ადმინისტრაციული რესურსის – სამი მინისტრის პორთფელის, პარლამენტის თავმჯდომარის, უშიშროების საბჭოს მდივნის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელთა სავარძლების მის ხელში დატოვება?..