აქტუალური
"რუსეთი საქართველოს თავის უკანა ეზოდ მოიაზრებს და ცდილობს შეაჩეროს მისი განვითარება" - გიორგი მარგველაშვილი

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ყოფილ თავდაცვის მდივან დონალდ რამსფელდს დახურულ კარს მიღმა პირისპირ ესაუბრა.

 მოგვიანებით ისინი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდნენ. ორივე შეხვედრას შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა.

 „ჩვენი რეგიონი რუსეთის ფედერაციის მეზობელია. ის კი ცდილობს, მონაწილეობა მიიღოს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში და ზოგიერთ ჩვენგანს თავის უკანა ეზოდაც მოიაზრებს. 2008 წელს ისინი ლეგიტიმურად მიიჩნევენ ქართულ მიწაზე სამხედრო აგრესიით შემოსვლას. რუსეთი ცდილობს, შეაჩეროს საქართველოს განვითარება, ეს კი ყველა იმ შესაძლებლობის გაქრობას ნიშნავს, რაც ჩვენმა მეგობრებმა შექმნეს კასპიის რეგიონში. საქართველო პოლიტიკურად და კულტურულად საკუთარ თავს ევროპასა და ნატოს მიაკუთვნებს. რამდენიმე თვეში გვექნება საპარლამენტო არჩევნები და აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ის იყოს კონკურენტული, თავისუფალი და შექმნას უკეთესი მომავალი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 პრეზიდენტმა და დონალდ რამსფელდმა ახალგაზრდა ლიდერების შეკითხვებსაც უპასუხეს, რომლებიც ძირითადად გლობალურ უსაფრთხოებასა და ისლამური სახელმწიფოდან მომდინარე საფრთხეებს შეეხებოდა.