საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 31 მარტს, თავის პუბლიკაციაში „ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების დაანონსება მაჭავარიანს მათმა რეჟისორმა და გამავრცელებელმა - სააკაშვილმა დაავალა!“, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ახალი ფარული ვიდეოჩანაწერები იმავე დღეს - ანუ გუშინვე, 31 მარტს - გავრცელდებოდა და ამას სათანადოდ ასაბუთებდა. და მართლაც - გუშინ სოციალურ ქსელში ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა!
რამდენიმე ჟურნალისტს ქართველი პოლიტიკოსის ყალბი პროფილით Facebook-ში ვიდეოს ინტერნეტბმულები მიაწოდეს, მაგრამ ძალოვანმა სტრუქტურებმა ვიდეოზე წვდომა ინტერნეტში ოპერატიულად შეზღუდეს. ერთ-ერთი მათგანია ცნობილი ქართველი ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეოს თან ახლდა ანონსიც (ვიდეო იხ, აქ).
„უკვე მესამედ ჩემს პირად გვერდზე Facebook-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი, ვიდეო აიტვირთა. ატვირთა იმ პოლიტიკოსის ექაუნთით შემოსულმა ადამიანმა, ვისი კადრებიც იყო ვიდეოში“, - განაცხადა მაკა რაზმაძემ.