აქტუალური
„თქვენს ვიზიტს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი მკაფიო მხარდაჭერად განვიხილავთ“ – პრემიერი კვირიკაშვილი ფილიპ ჰამონდს

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული  სამეფოს საგარეო საქმეთა და  თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდს  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

 შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ 2015 წლის მონაცემით, გაერთიანებული სამეფო სიდიდით მეორე ინვესტორია საქართველოში.

 მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა  და  ნატო-ს ვარშავის სამიტის სამზადისზე. შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

 გიორგი კვირიკაშვილმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და პირადად ფილიპ ჰამონდს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.