საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. თბილისში, მისივე განცხადებით, სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად ჩამოსულ „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტ ჯოზეფ დოლის შეფასებებს არ იზიარებენ ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, რომლებიც თბილისს ეწვივნენ.
როგორც მათ “კურიერთან” განაცხადეს, დოლმა, შესაძლოა, საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, საკითხი კი მთლიანად ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს.
„ვფიქრობ, უპასუხისმგებლობა იქნებოდა, ახლა ვიზალიბერალიზაციის პროცესი არჩევნებთან დაგვეკავშირებინა, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მხრივ და არაა დაკავშირებული იმასთან, ვინ არის ხელისუფლებაში,“ - აღნიშნა მწვანეთა პარტიის წევრმა ჰეიდი ჰაუტალამ.
ამავე საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა პაველ სვობოდამაც.
„იმედი მაქვს, ახლა, როდესაც ევროკომისიამ წინადადება უკვე წამოაყენა, ევროპარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოს გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური და მსგავსი განწყობა შეიქმნება ევროპარლამენტშიც. ოფიციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიას მოსაზრება არ დაუფიქსირებია, ასე რომ, ჯოზეფ დოლმა, შესაძლოა, საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. საკითხი მთლიანად ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და არა ევროპის სახალხო პარტიამ“, – განაცხადა პაველ სვობოდამ.