საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 29–გვერდიანი ანგარიში უნდა წარედგინა, რაც არ მოხერხდა დარბაზში დეპუტატთა უმრავლესობის არყოფნის გამო. საკომიტეტო განხილვის ფორმატში კი პრეტენზიები დოკუმენტთან დაკავშირებით უკვე გამოთქვეს როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა.
ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრ ომარ ნიშნიანიძეს, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების განცხადებების პასუხად, რომლებმაც განგაში ატეხეს ხელისუფლების მიერ კრემლის გავლენის აგენტების საქართველოში მოზღვავების აღუკვეთლობის გამო, არ მიაჩნია, რომ რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგაშო სიტუაციაა.
„არც ისეთ კატასტროფულ სიტუაციას ვხედავ რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით, თითქოს არის ქვეყანაში. მე უფრო მგონია, რომ არა ნაკლებს აკლებენ სხვა ქვეყნები. ზოგადად, ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცედ და ამ პროპაგანდას დავუპირისპიროთ ჩვენი ქართული, ტრადიციული შეხედულებები, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები“, - აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.