რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების დაანონსება მაჭავარიანს მათმა რეჟისორმა და გამავრცელებელმა - სააკაშვილმა დაავალა!“

 პოლიტიკოსმა ვანო მაჭავარიანმა - “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი დამაარსებლისა და ლიდერის, პარლამენტარ მიშა მაჭავარიანის ღვიძლმა ძმამ - 28 მარტს განაცხადა, რომ 18 მარტს თავის Facebook-გვერდზე უცნობთა ჯგუფის შეტყობინება მიიღო. მათ მიაწოდეს ლინკი, რომელზეც შეეძლო გაცნობოდა ფარულად გადაღებულ ვიდეოებს ე.წ. ცნობადი სახეების - პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სხვათა სექსუალური ცხოვრებიდან, აგრეთვე აუწყეს, რომ უახლოეს დღეებში - სავარაუდოდ, დღეს, 31 მარტს - ინტერნეტში მსგავსი ტიპის ახალი კომპრომატი გამოქვეყნდება.

 საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, რომელმაც მაჭავარიანი იმავე დღეს დაჰკითხა, ამ ფაქტის ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიპოვა და ზემოთქმული მისი წარმოსახვის ნაყოფად მიიჩნია, რის შესახებაც საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელსაც დღეს საქინფორმი აქვეყნებს.

 თუმცა საქინფორმს მომხდარის საკუთარი ახსნაც აქვს. საქმე ის არის, რომ ვანო მაჭავარიანი, მისივე აღიარებით, მანამდე უკრაინაში იმყოფებოდა (აქაოდა, სწორედ ამით აიხსნება, რომ “ბოროტგანმზრახველთა ჯგუფის გზავნილი” 10 დღის დაგვიანებით შენიშნა...).

 რით იყო დაკავებული უკრაინაში ერთ-ერთი მთავარი ნაციონალის ღვიძლი ძმა, ძნელი მისახვედრი არ არის - ინსტრუქტაჟსა და კონსულტაციებს გადიოდა ოდესაში, სააკაშვილთან. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ვანო მაჭავარიანი პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი და ყოფილი მრჩეველია, აგრეთვე, არის პაატა ბურჭულაძის მოქმედი მრჩეველი, რომლის მეგობარიც ირაკლი ალასანია გახლავთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ცალ-ცალკე 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, გადაწყვიტეს, გაერთიანდნენ და 2016 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე ერთიან კოალიციად გავიდნენ.

 მაშ ასე, სააკაშვილის პარტია “ნაციონალური მოძრაობა”, ბურჭულაძის პარტია “საქართველოს განვითარების ფონდი”, ალასანიას პარტია “თავისუფალი დემოკრატები” და მათთან მიტმასნილი სექს-პრეზიდენტი მარგველაშვილი (არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, როგორც ჩანს, მათ შეუერთდებიან უსუფაშვილი-ხიდაშელის რესპუბლიკური პარტია და ერთი „ჩლენის“, ანუ წევრის პარტია - ნათელაშვილის ლეიბორისტული პარტია) - ისინი ყველანი თანამოაზრეები და მეგობრები არიან და ყველას ხელს აძლევს ვანო მაჭავარიანის ფიგურა, როგორც ერთიან კოალიციაში გაერთიანების თაობაზე კონსულტაციების მწარმოებლის, ანუ მედიატორის.

 მაგრამ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართულ ოცნებას” არჩევნები მოუგონ, საჭიროა საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაცია და ამაში მოქმედი ხელისუფლების დადანაშაულება, რომელსაც ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრებიდან ფარული ვიდეოკომპრომატების გავრცელებას დააბრალებენ ან, მინიმუმ, სიტუაციის კონტროლის და ქვეყანაში მსგავსი განუკითხაობის აღკვეთის უუნარობას დასწამებენ!

 ამ მიზნით სააკაშვილმა გასულ კვირას მაჭავარიანს დაავალა, თბილისში დაბრუნებისთანავე ზემოთქმული განეცხადებინა, ანუ - დაეანონსებინა სოციალურ ქსელებსა და სხვა ინტერნეტრესურსებში ქართული ისტებლიშმენტის გარყვნილი ცხოვრების ამსახველი მორიგი სკანდალური ვიდეოების გამოჩენა, რომელთა დამდგმელი რეჟისორი და გამავრცელებელი თვითონ მიხეილ სააკაშვილია!

 ხოლო როდესაც სააკაშვილი მართლაც გაავრცელებს მორიგ სექსკომპრომატებს, ეს შესაძლებლობას მისცემს, სამართალდამცველი ორგანოები და საქართველოს მთელი მოქმედი ხელისუფლება არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულონ: “ვანო მაჭავარიანმა ხომ წინასწარ გაგაფრთხილათ, მაგრამ პროკურატურაში არ დაჯერე და შემოწმება  არ მოინდომე! თქვენი სუს-ი და შსს იმდენად ქმედუუნარო და ივანიშვილს კონტროლს დაქვემდებარებული არიან, რომ წინასწარი ინფორმაციის მქონეთაც კი არ შესწევთ უნარი, პრევენციული ზომები მიიღონ და დანაშაული თავიდან აიცილონ!” - ყელებს ჩაიხლეჩენ ზემოთ ჩამოთვლილი პარტიების ლიდერები.

 ხოლო სააკაშვილის მწევარი - შალიკო დაუნ ვი დიკტეიტე - კიდევ ერთხელ წამოიყეფებს, „ივანიშვილის მინის სასახლეში ცალკე კარადაში ინახება დისკების სრული კოლექცია ამ ვიდეოკადრებით, რომლებსაც თვითონვე ავრცელებს, მანამდე კი საკუთარი ტელევიზიის - „GDS“-ის სამონტაჟოში ამუშავებსო! ჰოდა, სუს-ი, რომელსაც ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ხელმძღვანელობს, საკუთარ პატრონს ხომ დაიჭერსო?!“.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 31 მარტი
საქართველო, თბილისი