უცხოეთი
უკრაინაში ქართველი პროკურორი ალექსანდრე მოდებაძე დააკავეს

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი.  უკრაინის სამხრეთის რეგიონის სამხედრო პროკურატურამ ოდესის ოლქის პროკურატურის თანამშრომელი ალექსანდრე მოდებაძე დააკავა, რომელიც ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.

 "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ გენერალური პროკურატურის პროკურორმა ვლადისლავ კუცენკომ განუცხადა. მისი განმარტებით, მოდებაძე, რომელიც დავით საყვარელიძემ პროკურორად მიმდინარე წლის 16 მარტს დანიშნა, 5 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

 კუცენკოს ინფორმაციით, მოდებაძე ეჭვმიტანილია ასევე, გამოძიებაზე ზეწოლაში.

 "თანხას ის იმ სისხლის სამართლის საქმის დახურვისთვის იღებდა, რომელიც პოლიციაშია აღძრული. ასევე ქონებაზე დადებული ყადაღის ახსნისთვის", - აღნიშნა კუცენკომ.

 როგორც ცნობილია, დღეს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიკტორ შოკინმა დავით საყვარელიძე გენპროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

Ipn.ge