23 დეკემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი იქ ვიზიტად მყოფ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერს - ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.
როგორც რუსეთის საპატრიაქროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ბურჯანაძესთან შეხვედრის დროს, აღნიშნა, რომ საქართველოდან ჩამოსულ სტუმრებთან ყოველი შეხვედრა მნიშვნელოვანი და სასურველია, მხედველობაში ჰქონდა რა "ორივე მხრიდან იმ ძალისხმევის აუცილებლობა, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლაზე“.
“მე არ ვსაუბრობ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობებზე. უარესობისკენ თუ უკეთესობისკენ ამ ურთიერთობების შეცვლა არავის ძალუძს, რადგან ორი ხალხი ერთად ცხოვრობს გეოგრაფიულად, ერთიანი ბედისწერითაა დაკავშირებული, ზოგჯერ ტრაგიკულით, და ამ გულითად ურთიერთობებს საფუძვლად უდევს ჩვენი რწმენის ერთიანობა,“– განაცხადა კირილმა.რუსეთის პატრიარქის თქმით, დღეს, როდესაც ორ ქვეყანას შორის "არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები“, რუსულ და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობები, ამის მიუხედავად, ძალიან აქტიურად ვითარდება.
“თქვენთან შეხვედრამდე მე შევისწავლე საინფორმაციო მონაცემები. კონტაქტების, ერთობლივი ღვთისმსახურების, ორი ეკლესიის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის პრობლემების განსახილველად გამართული შეხვედრების გაანალიზების შედეგად საკუთარ თავს ვკითხე: რომელ სხვა ეკლესიასთან გვაქვს ჩვენ ასეთი ინტენსიური ურთიერთობები? და ეს ხდება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების სფეროში უკიდურესად ნეგატიური მოვლენების ფონზე,“– განაცხადა მან.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ "ჩვენი ძმური ეკლესიები, რომლებიც ასე ახლოა ერთმანეთთან არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ გულითადად, უნდა იყვნენ დღეს ორი ლოკომოტივი, რომლებსაც შეეძლებათ ხელი შეუწყონ იმ რთული სიტუაციიდან გამოსვლას, რომელიც შეიქმნა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში“.
ბურჯანაძემ ისიც განაცხადა, რომ ეკლესიას შეუძლია "დიდი და მნიშვნელოვანი როლი“ ითამაშოს ორ ქვეყანას შორის არსებული "დიდი სირთულეების“ გადალახვაში.
ბურჯანაძემ შეხვედრაზე, ასევე, დააყენა საკითხი აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, მდებარე XI საუკუნის ძეგლის – ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ირგვლივ არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, რაზეც რუსეთის პატრიარქმა შესაბამის სამსახურს დაავალა ვითარების ადგილზე შესწავლა გამოცდილი ექსპერტების მონაწილეობით, - იტყობინება რუსეთის საპატრიარქო.
როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დეკემბრის დასაწყისში გაავრცელა ცნობა ილორის ეკლესიაზე განხორციელებული "ვანდალური აქტის“ შესახებ.
“ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ე. წ. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, სრულიად დაირღვა ძეგლის ავთენტურობა, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში, - ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების მოშლა. ტაძარს დააშენეს რუსული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი “ხახვისთავიანი” გუმბათი. გარე ფასადი, მათ შორის აღმოსავლეთი კედელი, სადაც განთავსებული ქართული დამწერლობით შესრულებული ხუთი ლაპიდარული წარწერა თეთრადაა გადაღებილი, თაღები კი წითლადაა შეღებილი. ტაძარს დამატებული აქვს ქართული არქიტექტურისთვის სრულიად უცხო სხვადასხვა რელიეფური ელემენტები“.