აქტუალური
„იხსენით ჩვენი სულები!“ – ვინ უტევს თინა ხიდაშელს და „რესპუბლიკური პარტიის“ ახალი ტაქტიკა“ - საქინფორმი

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გადადგომას არ აპირებს. შესაბამისი კომენტარი ხიდაშელმა მედიასთან საუბარში კოალიცია " ქართული ოცნებიდან" რესპუბლიკური პარტიის გასვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

 "ნამდვილად არ ვაპირებ გადადგომას, არც მე და არც ერთი "რესპუბლიკელი" მინისტრი. არც კოალიციიდან წასვლას არ ვგეგმავთ. საერთოდ, ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული, მაგრამ ჩვენ არ ვგეგმავთ არც კოალიციიდან წასვლას და არც არანაირი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.

 ამასთან, მან "საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზეც" ისაუბრა.

 "ბრმა უნდა იყო, ვერ ხედავდე, რომ მასობრივად ხდება შეტევა პირადად თავდაცვის მინისტრზე. პირადად თინა ხიდაშელზე არ არის საუბარი, საუბარია თავდაცვის მინისტრზე შეტევაზე. შეტევა დაწყებულია გაუგებარი პოლიტიკური წარმოშობის ადამიანებისგან (არც მინდა მათი სახელების და გვარების დასახელება), დამთავრებული ამხელა მეზობელი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებით", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 თავდაცვის მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ რეგულარულად აქვს ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან და "არანაირი პრობლემა ამ ურთიერთობას არა აქვს".

 საქინფორმი ატყობინებს მკითხველებს, რომ კომპეტენტური მაღალჩინოსანი წყაროს მონაცემებით, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ 27 მარტს უკვე მიიღო  2016 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად, კოალიცია „ქართული ოცნების“ გარეშე მონაწილეობის გადაწყვეტილება, რის შესახებაც ოფიციალურად გამოცხადდება დღეს თუ ხვალ. 35 წევრისგან შემდგარი საბჭოს იმავე დახურულ სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ნებაყოფლობით არ გავიდნენ კოალიციიდან,  აშკარა აბსურდის მიუხედავად – კოალიციის გარეთ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა დარჩნენ კოალიციის წევრად (უმრავლესობაში) პარლამენტში და შეინარჩუნონ მინისტრების პორთფელები, როგორც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებმა. „რესპუბლიკელებს“ სურთ დაასუსტონ ბიძინა ივანიშვილი და აიძულონ პრემიერი კვირიკაშვილი, ასევე პარტია „ქართული ოცნების“ გენმდივანი კალაძე და იმავე დასახელების კოალიციის პოლიტსაბჭო, თავად მიიღონ გადაწყვეტილება მათი გარიცხვის შესახებ, თუმცა, სანაცვლოდ, აშანტაჟებენ ვაშინგტონისა და ბრიუსელის მხრიდან უკმაყოფილებით.

 იმავედროულად წამოყენებულია ულტიმატუმები ევროატლანტიკურ სტრუქტურებშიც – აშშ–ის სახდეპი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ნატო: „SOS! SOS! SOS! თუ ნატოს ვარშავის სამიტისა და ვიზალიბერალიზაციის მიღების წინ  მოხდება თქვენი  ერთადერთი ბოლომდე ერთგული „რესპუბლიკური პარტიის“ გამიჯვნა და ჩვენ დავკარგავთ საკონტროლო პოზიციებს ხელისუფლებაში, ეს საქართველოში პრორუსული ძალების და მოსალოდნელ არჩევნებში მათ გამარჯვებას ნიშნავს! ამიტომ სასწრაფოდ გამოასწორეთ ვითარება და მოახდინეთ ზეწოლა!“ – ამგვარი შინაარსის მესიჯები რესპუბლიკელებმა უკვე გაუგზავნეს თეთრ სახლს, ნატოს შტაბბინას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას.