საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. 31 მარტს, 14:00 საათზე, თბილისში, ც.დადიანის ქ. № 7 („ქარვასლას“ საკონფერენციო დარბაზში) არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ ატარებს პროექტის „უსახლკაროებს სოციალური მხარდაჭერა“ პრეზენტაციას. ეს არის პროექტის „სახით უსახლკაროებისკენ“ გაგრძელება, რომელიც 2015 წლის ზაფხულში მიმდინარეობდა. პროექტის ხელმძღვანელი - არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი.
პროექტის მიზანია უსახლკაროთა მხარდასაჭერად საკონსულტაციო ცენტრის შექმნა, კანონპროექტის „უსახლკაროთა შესახებ“ მხარდაჭერა, მისი შემდგომი მიღების და მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან უსახლკაროთა პრობლემების გადაჭრის მონიტორინგი. პარალელურად საქართველოს რეგიონებში განხორციელდება უსახლკაროთა რეგისტრაცია.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოქალაქეები, რომლებიც საცხოვრისის გარეშე დარჩნენ, ხშირ შემთხვევებში იურიდიულ საკითხებში გაუთვითცნობიერებლები არიან, რაც ხელს უშლით მათ მოახდინონ კანონიერი უფლებების რეალიზაცია, სათანადო წესით გააფორმონ „სოციალურად დაუცველის“ სტატუსი, გაიარონ რეგისტრაცია, რათა ჩართულნი იყვნენ სოციალური დაცვის მექანიზმების მიღებაში. უმძიმესი სტრესული სიტუაცია, რომელშიც ვარდებიან უსახლკაროები, არ აძლევთ საშუალებას სათანადოდ იბრძოლონ საკუთარი უფლებების დასაცავად, ანგრევს ფსიქიკას და ადამიანებს სუიციდისკენ უბიძგებს. ასეთ პირებს ესაჭიროებათ როგორც სამართლებრივი, ისე ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, დახმარება სტრესის დასაძლევად და საზოგადოებაში ინტეგრაცია, შრომითი მოწყობა და ა.შ. ყველაზე უმწეოები ასეთ ვითარებაში უსახლკარო ოჯახების მოზარდი და ასაკოვანი წევრები არიან.
ამ მნიშვნელოვანი საქმესთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ ორიენტირებულია მასზედ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ქვეყნისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ჩვენს მიერ არის შემუშავებული და საშუალებას იძლევა მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ იქნეს „უსახლკაროთა“ ფართო მცნება. ასევე შეიქმნება კომპეტენტური ორგანო, რომელიც უსახლკაროთა საქმეებით იქნება დაკავებული და ვალდებული ექნება შეიმუშაოს სათანადო მეთოდიკა და რეკომენდაციები. ეს ორგანო მოახდენს უსახლკაროთათვის დახმარებების გაწევის კოორდინაციას, რაზეც სახელმწიფო განახორციელებს მკაცრ კონტროლს. ჩვენი ორგანიზაცია მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის მასშტაბით პროექტის პოპულარიზაციას და საზოგადოების დარწმუნებას, რათა მან მხარი დუჭიროს უსახლკაროთა შესახებ კანონის მიღებას. ასევე პარალელურად მოახდინოს ქვეყნის რეგიონებში უსახლკაროთა აღწერა.
პროექტის მიმდინარეობის მთელი დროის განმავლობაში ჩვენ მოვახდენთ მთავრობის მოქმედებების მონიტორინგს ამ საკითხში და განვახორციელებთ მსუბუქ ზეწოლას მასზე, რათა გადადგმული იქნას სათანადო ნაბიჯები ამ მიმართულებით.
ჩვენი პროექტი პირდაპირ კავშირშია სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოს ფორმირებასთან. პროექტის მიზანი არა მხოლოდ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა უსახლკაროთა პრობლემებისადმი და მათი გადაწყვეტის გზების ძიებაა, არამედ ისიც, რომ სახელმწიფომ თანმიმდევრულად უნდა აიღოს საკუთარ თავზე და გადაჭრას უსახლკარო მოქალაქეების ძირითადი უფლება, იქონიონ ღირსეული საცხოვრებელი. პროექტის ამოცანაა - სახელმწიფოს დონეზე ამოქმედდეს მასობრივი უსახლკარობის პრობლემის დაძლევის პროცესი, კანონპროექტის პოპულარიზაცია, ინიცირება, საზოგადოებისთვის გაცნობა და მისი შემდგომი მიღება, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობისთვის.
საკონტაქტო მობ: 599 54 10 22