საზოგადოება
ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი MIA FORCE-ის ავტომრბოლელი, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატზე (TCR - TOURING CAR RICING) იასპარეზებს. დათა ქაჯაია პირველი სპორტსმენია, რომელიც საქართველოს სახელით მსოფლიო რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 3 აპრილს ბაჰრეინში აიღებს და მსოფლიოს 11 ქვეყნის ცნობილ ტრასებზე გაგრძელდება.
 შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტულმა კლუბმა ამ თემასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მთავრობის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, თბილისის მერი, ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 გიორგი მღებრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება შს სამინისტროს მხრიდან სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და დამსწრე საზოგადოებას დათა ქაჯაიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
 შსს-ს სპორტული კლუბის საზეიმო მიღებას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა. საგამოფენო სივრცეში სპორტული კლუბის 
ავტომობილები, დათა ქაჯაიას მიერ სხვადასხვა დროს მოპოვებული თასები და ავტომრბოლელის ასპარეზობის ამსახველი ფოტოები იყო წარმოდგენილი.
 მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაცია, სხვადასხვა ქვეყნის სატელევიზიო არხებთან ერთად, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაიცემა. 
სპორტსმენის სპონსორად კი ღონისძიებაზე „საქართველოს ბანკი“ დასახელდა.