პოლიტიკა
ჰილარი კლინტონმა არჩევნებში ტრამპის შესაძლო გამარჯვებას “კრემლისთვის საშობაო დღესასწაული” უწოდა და ნატოს-ს აღმოსავლეთით გაფართოება მოიწონა

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან ჰილარი კლინტონმა, სტენფორდის უნივერსიტეტში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე სიტყვით გამოსვლისას, კრემლი ევროპის გახლეჩის განზრახვაში დაადანაშაულა. “პუტინს უკვე ევროპის გახლეჩის იმედი აქვს!” - განაცხადა კლინტონმა, რომლის სიტყვებს ტელეარხი NBC გადმოსცემს.

 მან აღნიშნა, რომ ევროპელი მოკავშირეები აშშ-სთვის საყრდენს წარმოადგენენ ისეთ მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირებაში, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი. “მოსკოვმა და პეკინმა იციან, რომ ჩვენი გლობალური ქსელი მნიშვნელოვანი სტრატეგიული უპირატესობაა, რომლის გადაწონას ისინი ვერ შეძლებენ!” - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

 აქედან გამომდინარე, მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთისთვის ხელსაყრელი იქნება. “თუ ტრამპი თავისი გეგმების განხორციელებას მოახერხებს, ეს კრემლისთვის საშობაო დღესასწაულის ტოლფასი იქნება. ეს ამერიკის უსაფრთხოებას შეასუსტებს და მთელ მსოფლიოს უფრო მოწყვლადს გახდის”, - თქვა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

 ამასთან, კლინტონმა დადებითად შეაფასა ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით და მას ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსი უწოდა.