სამართალი
ინტერპოლის მიერ ძებნისგან დათა ახალაია ლტოლვილის სტატუსმა იხსნა...

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურა დავით ახალაიას მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც ახლებურად რეგულირდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების მონაცემთა დამუშავების საკითხები.

კერძოდ: 1) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირი ფლობს ლტოლვილის სტატუსს ან იგი წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელს; 2) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირის მიმართ წითელი ცირკულარის ან ძებნის გავრცელების  თხოვნა მიღებულია მისი წარმოშობის სახელმწიფოდან;  3) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭება კონკრეტული სახელმწიფოს მიერ არ არის განპირობებული წარმოშობის სახელმწიფოსთან მიმართებაში არსებული პოლიტიკური მოტივებით.

დავით ახალაიას შემთხვევაში ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ძებნილ პირს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი და ძებნის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, რაც ამ უკანასკნელის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 2016 წლის 9 მარტს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურა მიმართავს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს და შესაძლებლობას, რათა მსჯავრდებული დავით ახალაია წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.