პოლიტიკა
„ნაცმოძრაობას თვალთვალისა და მოსმენებისთვის საჭირო იმაზე ძლიერი ტექნიკური საშუალებები ჰქონდა, ვიდრე – უშიშროებას!“ – ირაკლი ოქრუაშვილი

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. "შეხვედრაზე, რომელსაც მერაბიშვილთან და ადეიშვილთან ერთად ვესწრებოდი, მაშინ ჯერ კიდევ დამწყებმა ინტრიგანმა დათა ახალაიამ 2004 წელს გადაღებული სასულიერო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სააკაშვილს დიდი სიხარულით მოურბენინა. მოგვიანებით ბაჩო ახალაიაც მოვიდა. ჩანაწერები იქვე ნახეს. ჩემი პირადი კონტაქტებიდან მიღებული ინფორმაციით, ფარული ჩანაწერების გაკეთებამ სისტემური ხასიათი 2007 წლიდან მიიღო", - ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30-ში განაცხადა.

 "ფარული ჩანაწერების გაკეთება 2004 წლიდან დაიწყო. პარტიას თვალთვალისა და მოსმენებისთვის საჭირო იმაზე ძლიერი ტექნიკური საშუალებები ჰქონდა, ვიდრე - უშიშროების სამსახურს ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლამდე. თუ სააკაშვილის ხელისუფლებას ვინმე დისკომფორტს შეუქმნიდა, მასზე კომპრომატები უნდა არსებულიყო, რითაც მათი განეიტრალება მოხდებოდა.

 კადრებს მაშინ იმიტომ არ ავრცელებდნენ, რომ ტემპერატურის აწევა არ სჭირდებოდათ. მსხვერპლის დაშანტაჟებას ისედაც შესანიშნავად აღწევდნენ და ამ ყველაფრის ტელევიზიით ჩვენება საჭირო არ იყო", - განაცხადა ოქრუაშვილმა.