აქტუალური
თინათინ ხიდაშელი: „ასეთი ტიპის რეზოლუციების ინიცირება იშვიათად ხდება, თუ მხარდაჭერა წინასწარ შეთანხმებული არ არის“

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თბილისში დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის გახსნას დაესწრო. ღონისძიების დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული რეზოლუციის პროექტის წარდგენის შესახებ კომენტარი გააკეთა.
 „დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი ამერიკის კონგრესსა და სენატში ყველა იმ ადამიანთან, ვინც მუშაობს საქართველოს თემაზე, ვისაც აქვს განცდა და მოთხოვნილება, რომ ეს მხარდაჭერის რეჟიმი იყოს მუდმივად მყარი და მრავალჯერ იყოს გაჟღერებული ამერიკის სენატიდან, კაპიტოლიუმიდან. ამერიკის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფი არის შექმნილი და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ ჯგუფის სახელით გადაიდგა, რეზოლუციის ინიცირება იყო. ჩვენ, ყველა ერთად - პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, თითქმის ერთი წელია, ამ საკითხზე ვმუშაობთ და  შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ რეზოლუციას არავითარი პრობლემა არ ექნება და ის საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებაში აისახება. მაგრამ, ბუნებრივია, მაინც უნდა დაველოდოთ საბოლოო კენჭისყრას.

 როგორც იცით, ასეთი ტიპის რეზოლუციების ინიცირება იშვიათად ხდება, თუ მხარდაჭერა წინასწარ შეთანხმებული არ არის“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.