აქტუალური
„საქართველო, სირიასთან, უკრაინასთან და სანქციებთან ერთად, რუსეთთან აშშ–ის ურთიერთობაში დღის წესრიგის ნაწილია“ – არიელ კოენი

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. ამერიკელმა პოლიტოლოგმა, გლობალური უსაფრთხოების ინსტიტუტის ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და გეოპოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (ლონდონი) აშშ–ის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს წევრმა არიელ კოენმა ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საუბრისას განაცხადა. ამერიკელი ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე  საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტსა და  საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორების  კიდევ ერთ მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობას ეხმაურება.

 „როდესაც აშშ და მისი მთავარი საკანონმდებლო ორგანო აყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ეს ნიშნავს, რომ ის სირიასთან, უკრაინასთან და სანქციებთან ერთად რუსეთთან ურთიერთობაში დღის წესრიგის ნაწილია. ევროპელები დღეს უძლურები არიან. მათ ბევრი შიდა პრობლემა აქვთ, აშშ კი მთავარი დასავლური ძალაა, რომელიც წარმართავს ევროატლანტიკური საზოგადოების საგარეო პოლიტიკას. რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზეც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს მოახლოებული სამიტის წინ. საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ საქართველოს ნატოს წევრობისა და მისი კურსის ხელშეწყობისთვის. ამიტომ კონგრესის მხარდაჭერა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კოენმა.