პუბლიკაციები
"პარტია "ქართული ოცნების" საპარლამენტო საარჩევნო სიის სამეული: ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი"!

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი.

 დიახ, შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში პარტია "ქართული ოცნების" გამარჯვების მთავარი პირობა, სხვა ქმედებებთან ერთად (პარტია "ქართული ოცნება–დემოკრატიულმა საქართველომ", აუცილებლად დამოუკიდებლად უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა), იქნება ბიძინა ივანიშვილის ყოფნა პროპორციული სიის სათავეში და ამავდროულად, ყოფილი და მოქმედი პრემიერების ღარიბაშვილის და კვირიკაშვილის მოწინავე პოზიციებზე ჩართვა ამავე პარტიულ სიაში, – 1.ბიძინა ივანიშვილი, 2. ირაკლი ღარიბაშვილი, 3. გიორგი კვირიკაშვილი; გარდა ამისა, არჩევნებში გამარჯვებისათვის მნიშვნელოვანი არის ახალი ძალების შეყვანა საარჩევნო სიაში და ფრაქცია "ქართული ოცნების" 2/3 – ით გადახალისება. ანუ, ფრაქციაში მყოფი დღეს არსებული 47 დეპუტატიდან, 30 მაინც უნდა შეიცვალოს ახალი პოლიტიკური სახეებით! მიმაჩნია, რომ განვლილმა 3,5 წელიწადმა ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნა (თუ არადა, ძალიან ცუდი მისთვის და ქვეყნისთვისაც!) იმაში, რომ მისი ოფიციალური ჩართულობის გარეშე, ქვეყნის დემოკრატიულმა მშენებლობამ, რომელსაც იგი თვლიდა მისაღებად 4 წლის წინათ, "მეთოდოლოგიურად" არ და ვერ გაამართლა.

 მოკლედ, უახლოესი 5–7 წლის განმავლობაში საჭიროა მისი უშუალო მონაწილეობა ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში! აქედან გამომდინარე, პარტიული სიის ამ სამეულს, როგორც გამოკვეთილ ლიდერებს, შორს მიმავალი გეგმები უნდა ჰქონდეთ და მათ შესაბამისი პასუხისმგებლობაც ეკისრებათ სახელმწიფოს წინაშე (მითუმეტეს, როდესაც ქართული პოლიტპარტიების და პოლიტიკოსების ღრმა კრიზისი გვაქვს სახეზე). ამიტომაც, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მათი სამიზნე უნდა გახდეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რადგანაც მასში გამარჯვებაც უაღრესად მნიშვნელოვანი გახლავთ იმისათვის, რომ "ქართული ოცნების" მიერ დასახულმა და დეკლარირებულმა გრძელვადიანმა პოლიტიკურ–ეკონომიკურმა ამოცანებმა (2030 წლამდე), დასრულებული და სრულყოფილი სახე მიიღოს! ამ შემთხვევაში, განჭვრეტად მომავალში, პერსონიფიცირებულად, საქრთველოს უმაღლესი თანამდებობების პირთა პოლიტიკური იერარქია ასეთი სახის იქნება: პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი (2018 წლიდან) ბიძინა ივანიშვილი! ვფიქრობ, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილებების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი და პარტია "ქართული ოცნების" ლიდერები საბედისწერო შეცდომებს დაუშვებენ, რაც საწინდარი გახდება თანდათანობით მათი პოლიტიკური დაკნინების და ხელისუფლებიდან წასვლის, ეს კი, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში უარყოფითად აისახება საქართველოს ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაზე!!!...

ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
guardian.ge